25 დეკემბერს „საქართველოს ფოსტას“, საზოგადოებრივ პლატფორმას „სექტორი 3“ და სამოქალაქო მოძრაობას „შენმოქმედს“ შორის პროექტის „1000 კომპიუტერი – 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საზოგადოებრივი პლატფორმის „სექტორი 3“, სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“, ფონდის „პროდემოსის“ და ინტერნეტ კომპანიის „სქაიტელის“ თანამშრომლობით წამოწყებული კამპანიის მხარდაჭერას.
კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში, ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე.
“საქართველოს ფოსტა”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს და უზრუნველყოფს გზავნილების მიტანას ბენეფიციარამდე სრულიად უსასყიდლოდ.
„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
„სექტორი 3“ საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სივრცე – ჰაბი განვითარებისთვის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციას, ცოდნას, ექსპერიმენტულ იდეებს და ქმნის რესურსებსა და შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის.
სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივით, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „შენმოქმედის“ ინიციატივით ბევრი ქმედითი და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.