მეცნიერებმა სადღესასწაულო პერიოდში ბედნიერების ჰორმონის მიღების საშუალება დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ განწყობაზე გავლენის მოხდენის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო – საკვებია.
სასურველი შედეგის მისაღებად მენიუში ცილებით სავსე პროდუქტის დამატებაა საჭირო, რადგან ასეთი პროდუქტი დიდი რაოდენობით ამინომჟავებს – ანუ ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის წინაპარს შეიცავს. ეს ნივთიერება კი ყველაზე დიდი რაოდენობით ყველში, თევზში და თხილის რამდენიმე სახეობაშია.
ბალანსის სწორად დასაცავად ცილებიანი საკვები ბოსტნეულთან ერთად უნდა მიირთვათ. (გამონაკლისია კარტოფილი და ჭარხალი).
სპეციალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ უმჯობესია თუკი სადღესასწაულო სუფრაზე „მძიმე“ კერძები, ზედმეტად დიდი პორციები და დიდი რაოდენობით ალკოჰოლი არ იქნება.
საკვები რომელსაც უპირატესობა უნდა მიანიჭოთ:
ავოკადო – ავოკადო ვიტამინი B3–ითაა მდიდარი, რაც სეროტონინის სტიმულირებას უწყობს ხელს. ავოკადოშია ასევე ომეგა–3 და ცხიმოვანი მჟავები, რაც ტვინის ჯანმრთელობისა და განწყობის რეგულირებისთვის აუცილებელია.
პომიდორი „ჩერი“ – ჩერი, პომიდვრის დიდი ჯიშებისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტს, ლიკოპენს შეიცავს. ეს ნივთიერება დეპრესიის დამარცხებას უწყობს ხელს.
შავი შოკოლადი – შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც იმას ნიშნავს რომ განწყობის ამაღლება შეუძლია. შოკოლადი ტვინს ასტიმულირებს და ენდორფინის გამოყოფას უწყობს ხელს.
თხილი – თხილი ტრიპტოფანს, სეროტონინის წინაპარს შეიცავს. ასევე დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტებიც, რაც როგორც ჩანს, დეპრესიის რისკს ამცირებს.
ხილი – ანანასი, ბანანი, კივი და ქლიავი დიდი რაოდენობით სეროტონინს შეიცავს და განწყობის ბუნებრივ სტიმულატორს წარმოადგენს.
ძალიან სასარგებლოა ასევე ორაგულის და ისპანახის მირთმევაც. და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ წყალი. წყალი მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის და გონების გამოკვებისთვის.