“მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა”,-ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს.
მისი თქმით, კორონავირუსი ასევე დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს.
“მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა”,-განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, გასულ 24 საათში ჩატარებული 5 265 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 537 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 494–ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. საქართველოში, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა covid 19-ით დაავადებული 34 პაციენტი.