LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მზადაა, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდოს

90

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდოს.

ზოიძის თქმით, ზოგადად, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის, მათ შორის ნარკომანიის პრევენციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროგრამისთვის თანხების გაზრდა აუცილებელია. ამ საკითხზე საპარლამენტო კომიტეტმა თხოვნა უკვე დააფიქსირა. დეპუტატის თქმით, ეს საკითხი მან დააყენა უმრავლესობის ფორმატშიც და ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები თანხის გაზრდასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, მზად არის თუ არა მთავრობა, გაიზარდოს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების ბიუჯეტი, ზოიძემ პასუხობს, რომ ”მთავრობა მზად არის”.

”ჩვენ ჩვენი შეხედულება დავაფიქსირეთ ოფიციალური დასკვნის სახითაც. გარდა ამისა, ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზეც განვაცხადეთ, უმრავლესობის ფორმატშიც, პოზიცია ყველგან დაფიქსირდა, მხარი დაუჭირეს დეპუტატებმაც. ახლა იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამას გაითვალისწინებს. უნდა აღვნიშნო, რომ მათი მხრიდან არც ყოფილა არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება. ისინი მზად არიან, რომ იმსჯელონ. მთლიანად სამოქმედო გეგმის წინასწარი შეფასება მილიონი ლარია და იქიდან რაღაც ნაწილს მოგვცემენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა სასურველი იქნება, რომ მაქსიმალურად დიდი წილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან. 180 ათასი ლარი ძალიან თეორიულად იყო გათვალისწინებული, ჯერჯერობით 300 ათასზე არის საუბარი მთლიანად ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე. აქ შედის ასევე ნარკომანიის პრევენციის თემა. პრევენციაზე რომ ფული უნდა გამოიყოს, ამას ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას, დეპუტატის თქმით, ამას ხელს არაფერი შეუშლის.

”მეორე მოსმენაზე ბიუჯეტი აუცილებლად იქნება გაზრდილი. რა თანხით ვერ გეტყვით, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, არაფერ კავშირში ეს თანხები კანონის ამოქმედებასთან არ არის. აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწევს უფრო ფორსირებულად ამის გაკეთება, თუ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის თვითონ არ გამოყოფენ ამ თანხას. კანონი აუცილებლად ამოქმედდება და თანხებთან ამას კავშირი არ აქვს. კანონი მიღებულია, მას სჭირდება მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ სამუშაოები ჩატარდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანხა გამოიყოფა საქართველოს ბიუჯეტიდან. ვმუშაობთ ყველასთან, სამოქმედო გეგმის წინასწარი მონახაზი ჩამოყალიბებულია და მოხდება ასევე დეტალური სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება სამთავრობო დონეზე”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე მხოლოდ 180 000 ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g