LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა შემუშავებულია: რა მთავარ მიმართულებებს მოიცავს პროექტი

188
FORTUNA.GE- (6)

კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი მიღებულია.

გეგმის პროექტში საუბარია სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის არის – მიზნობრივი ჯგუფები და მოცვის ეტაპები, ლოჯისტიკური საკითხები და სერვისების მიწოდება, ვაქცინის გვერდითი მოვლენები და შესაძლო ალერგიული რეაქციების მართვა.

ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გამყრელიძის განცხადებით, ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება.

ვაქცინაციის გეგმის პროექტი მოიცავს 8 ძირითად მიმართულებას, მათ შორის არის:

სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპი, სცენარები ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინების პირობებში, სერვისების მიწოდების ტიპები, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები და გვერდით მოქმედებების აღნუსხვა.

იმისათვის, რომ მოსახლეობის 60%-მა ვაქცინა მიიღოს, სახელმწიფოს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაღება მოუწევს:

ვაქცინის ღირებულებასთან ერთად მასში შევა – სერვისის ღირებულება, IT სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, და  ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები.

მოსახლეობის რამდენი პროცენტის აცრას გულისხმობს გეგმა და ვინ შევა პრიორიტეტულ ჯგუფებში:

ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე, რომელიც 18 წელს ზემოთ მოსახლეობას წარმოადგენს. ვაქცინაციის კლინიკური კვლევები 18 წლამდე ამ ეტაპზე არ არსებობს და სწორედ ახლა იწყება კვლევები 12 წლის ზემოთ.

ვაქცინაცია პირველ რიგში შეეხება სამედიცინო პერსონალს და მოხუცთა სახლებში მყოფი პირებს; შემდეგ აიცრებიან 75 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები; ამის შემდეგ 65 წელს ზემოთ; შემდეგ ეტაპზე 55 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულისა და ფილტვების თანმხლები დაავადებები.

მას შემდეგ, რაც “კოვაქსი” დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებულნი, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიეწოდება საჭირო ვაქცინების 20 %. საქართველოსთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, შესაბამისად, ვაქცინის 1 მილიონ 400 ათასი დოზა.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხოება, აუცილებელია ვაქცინის შემდგომი გვერდითი რეაქციების აქტიური მონიტორინგი:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ოფისისგან საქართველომ მიიღო დახმარების შემოთავაზება, რაც უკავშირდება უახლესი მეთოდების და ფორმების დანერგვისთვის მასწავლებელების ტრენინგს და ასევე ექპეერტების უშუალო ჩართულობას.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის დროს, აღმოცენდება გვერდითი რეაქცია, საჭიროა ჩატარდეს სპეციფიკური ანალიზი და დადგინდეს,  რამდენად უკავშირდება ეს რეაქცია კონკრეტულ ვაქცინას.

ქართველ ექსპერტებთან ერთად, უცხოელი კოლეგები გააანალიზებენ გვერდით რეაქციას და შეაფასებენ საფუძვლიანად.

ყველა დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდება ვაქცინაცია, შეიქმნება ანაფილაქსიური მართვის შესაძლებლობა.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის პროცესში, ანაფილაქსიური რეაქციის გათვალისწინება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და აუცილებელია მომზადება მის სამართავად.

მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ვაქცინების უკუჩვენებების, ასევე მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ.

სამედიცინო პერსონალი, იმ დაწესებულებებში, რომელიც პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვება, ძალიან დეტალურ ტრენინგს გაივლის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მართვაში, რათა სერიოზულიც და მსუბუქი გვერდითი რეაქციებიც იყოს მართული.

 

წელს, 18 წლის ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას: ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g