ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლების ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ხდება იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ასევე დანიშნულია ექსპერტიზები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებზე, მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა, გაავრცელა.
მეჭიაურის ინფორმაციით, ორივე პირი თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა და თავდასხმამდე მის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.