ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა.
ელექტორნული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.
Björk-ის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.
თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.
საქართველოში ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტს საქართველოდან მსმენელის 83% დაესწრება, შემდეგ პოზიციაზე რუსეთია შეძენილი ბილეთების პროცენტული მაჩვენებლით (6,74%), ბილეთები შეიძინეს ასევე აზერბაიჯანში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, თურქეთში, ყაზახეთში, აშშ-ში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და საფრანგეთში, ასევე ჰოლანდიასა და ბელგიაში.
ამ დროისთვის ისევ იყიდება 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი მეორე კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდულია.
ორივე კონცერტზე, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს, „Vulnicura”-ს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შესრულდება ახალი სიმღერებიც.
კონცერტების წარმდგენი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.