LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აჰიტებს სიმღერებს თავიდან „ღამის შოუს ბენდი“ – „ვამაყობ, რომ ქართული სიმღერები წინ წამოვწიეთ…“

8001
show

გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი“ გიორგი გაბუნიას შოუში მაყურებლისთვის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გემრიელი ლუკმაა. შოუს ბოლოს ბენდი ძველი ქართული ჰიტების თანამედროვე ვერსიებს გვთავაზობს, რომლებიც „იუთუბზე“ ატვირთვის შემდეგ, მალევე ჰიტდება და მილიონობით მნახველს აგროვებს. როგორ ახერხებენ ყოველ კვირა ახალი ჰიტური კომპოზიციის ვერსიის შექმნას, გელა გნოლიძეს, ბაბი კირკიტაძეს და თათა გიორგობიანს ამის შესახებ ვრცლად გამოვკითხეთ…

როგორ შეიკრიბეთ?

გელა:

მე და ბაბი შალვა რამიშვილის, შემდეგ ილო ბეროშვილის შოუებში ვმონაწილეობდით და გვაქვს ერთად მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი. როცა დაიწყეს ახალი შოუს კეთება, იქაც მე და ბაბი ვიყავით, შემდეგ შემოგვემატა Yellow Band, სადაც მოღვაწეობდა ჩვენი თათა გიორგობიანი. ბენდი წავიდა, მაგრამ თათა დავიტოვეთ. „ღამის შოუს ბენდი“ იმიტომ დავარქვით, რომ მაინც ყველა ასე გვეძახდა. ქართველებს უყვართ სახელების შერქმევა. ადვილად დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელი.

ადვილად დასამახსოვრებელია ზუსტად ის სიმღერები, რომლებსაც ახლებური ვერსიით გვთავაზობთ. ვისი იდეა იყო ეს?

თათა:

თავიდან უცხოური სიმღერების ვერსიებს ვაკეთებდით, თუმცა ქართულსაც ვურევდით. ვგრძნობდით, რომ ეს უკანასკნელი ძალიან მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. ჩვენი წარმატება დიდი გუნდის მუშაობის შედეგია, ღამის შოუში რომ ქართული სიმღერები შეგვესრულებინა, ეს იდეა თავიდან შალვა რამიშვილმა და ზვიომ მოგვაწოდეს.

ბაბი:

სიმღერებს არჩევს გელა და რასაც მსმენელი უსმენს და მოსწონს, ვერსიებს ვგულისხმობ, მისი ავტორიც გელა გახლავთ. უკვე მერამდენე სეზონია, ვაკეთებთ მხოლოდ ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს. აშკარაა, რომ გაამართლა. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2020 წელს ბათუმში ჩატარებულ ჩვენს კონცერტებს უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი დაესწრო. ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, პანდემიის გამო, ვერ მოვასწარით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი ამ მხრივ უკეთესი იქნება, უფრო მეტად დატვირთული.

გელა, მუსიკალურ ნაწილზე უფრო ვრცლად მოგვიყევი, როგორ მუშაობ ვერსიებზე?

მოგეხსენებათ, თავიდანვე მუსიკაში ვარ. ვარჩევ ძალიან სკრუპულოზურად. რა როგორ გამოვა. თათას, ბაბის ხმებს რა მოუხდება და ვის რა პარტია უნდა ჰქონდეს, შემდეგ ეს ცოცხლად დაკრული როგორ გაიჟღერებს, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. ნებისმიერი სიმღერა ცოცხალი არანჟირებით, ბენდის შესრულებით, არ შეიძლება, ერთნაირად კარგი გამოვიდეს. შეიძლება, რომელიღაცა სიმღერას დასჭირდეს სხვა ინსტრუმენტული თანხლება. კრიტერიუმი არის, რომ ჩვენ მოგვერგოს და მოვიხდინოთ. ამას სჭირდება ბევრი შრომა, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა სიმღერაზე გვიმუშავია ერთი კვირა, მაგრამ აღარ შეგვისრულებია. დასვენებისთვის არც ერთი დღე არ გვაქვს. ერთ სიმღერაზე მუშაობას რომ ვასრულებთ, მეორეს ვიწყებთ. ყოველდღე რეპეტიციები გვაქვს, რომ გადაცემაში მაყურებელს ჩვენი შესრულება მოეწონოს.

ელოდით ასეთ პოპულარობას ქართული სიმღერების შესრულებისას? „იუთუბზე“ თქვენს ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა აქვს, ზოგს მილიონზე მეტი.

ბაბი:

შევეჩვიეთ რიცხვებში გამოხატულ დადებით გამოხმაურებას. წლევანდელი სეზონი რომ დავიწყეთ, გელამ უკვე იცოდა, რა იქნებოდა იმ თვეს შესასრულებელი სიმღერები. მუდმივად ფიქრობს იმაზე, რა გაკეთდეს ახალი. ბევრჯერ ყოფილა, რაღაც ვიდეო უნახავს და სადღაც რითმი, დრამი მოსწონებია, სადღაც სხვა ინსტრუმენტი და იდეები. მუდმივად ამაზე მუშაობს მისი ტვინი.

რაც შეეხება პოპულარობას, ჩვენ რომ დავიწყეთ ქართული სიმღერების ვერსიების გაკეთება, მაშინ ეს მიმართულება არ იყო იმდენად აქტუალური. დღეს უკვე ბევრი ასრულებს ძველი სიმღერების ქავერებს. ჩვენი ვერსიები პოპულარული გახდა და მისცა ბიძგი სხვებსაც, რომ რაღაც გაეკეთებინათ. მუსიკოსებისგან მსმენია, რომ თამასას არ ვაგდებთ და მუდმივად სიახლეებისკენ მივდივართ, ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, როცა კოლეგებისგანაც ასეთი შეფასება გვაქვს და ამას მაყურებლის მილიონობით ნახვაც ემატება.

გელა:

თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ვიდეოებს ნახულობს და დადებით შეფასებებს არ იშურებს, მინდა, თქვენი საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი შრომა მოსწონთ. ეს ორმაგ სტიმულს გვაძლევს.

ბაბი:

თავის ქებაში არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ ბათუმში კონცერტებს ხშირად მხოლოდ იმიტომ ვერ ვიწყებდით, რომ ხალხი რიგში იდგა და ვერ ასწრებდა შემოსვლას. ერთი საათითაც გადაგვიწევია, რომ ყველა შემოსულიყო.

კრიტიკაზე მინდა გკითხოთ. თუ კითხულობთ კომენტარებს ვიდეოების ქვეშ?

კომენტარებს ვეცნობით, რა თქმა უნდა, კრიტიკა ძირითადად, არ ეხება მუსიკას. აკრიტიკებენ ჩვენს ჩაცმულობას, მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობას.

თათია:

ცუდი კომენტარი იშვიათად მინახავს, ისიც, მსუბუქ ფორმებში. ერთი ასეთი სახალისო კომენტარი იყო, ამ გოგონებმა პირი რომ არ გააღონ, ისე ვერ იმღერებენო? ჩავფიქრდით… (იცინიან).

გელა:

რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია. იყო, მაგალითად, ასეთი კომენტარი, რომ სიმღერების ვერსიები ჰგავს ერთმანეთს. ყველა ბენდს აქვს თავისი სტილი და ხელწერა, ალბათ, მაგიტომაც ჩემი გაკეთებული არანჟირებები რაღაც დოზით ერთმანეთს ემსგავსება, თუმცა მივიღეთ ეს კრიტიკა და შევეცდებით, უფრო მრავალფეროვნები ვიყოთ.

ბაბი:

კიდევ გვწერენ, რომ კარგია ქავერები, მაგრამ ჩვენი სიმღერებიც უნდათ, საავტორო.

გელა:

ამასაც შევურევთ ნელ-ნელა. ძალიან ვამაყობ, რომ ქართული სიმღერები წინ წამოვწიეთ და ხალხს თავიდან შევაყვარეთ, რადგან იყო დრო, როცა ქართული სიმღერის შესრულება სირცხვილი იყო. ახლა, ასე ვთქვათ, „სვეცკობა“ გახდა. ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე ქართული სიმღერები, რომლებიც საერთოდ, ქართულად თუ საუბრობდნენ, ისიც არ მეგონა… ქართული წინ უნდა იყოს ამოწეული, თუმცა იმასაც მივესალმები, ვინც უცხო ენაზე ასრულებს სიმღერებს. ყველას წარმატებას ვუსურვებ და ბევრი მათგანი მომწონს კიდეც. ცოტანი ვართ მუსიკოსები და მინდა, ყველა წარმატებული იყოს.

თქვენი მიზანი ისიც ხომ არ არის, ჩვენ ისე შევასრულებთ სიმღერას, რომელსაც აქამდე არ უსმენდით, რომ აუცილებლად მოგასმენინებთ მას?

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ზოგიერთი სიმღერა ცოტა სხვანაირია, ჩვენ მას თანამედროვედ გავაჟღერებთ. ამას ვცდილობთ და შევთავაზებთ მსმენელს. არ ვამბობ, რომ რომელიმე სიმღერა ცუდია, ჩვენ უბრალოდ, ჩვენებურ ვერსიებს ვაკეთებთ. არანაირად არ ვამბობ, რომ ის ცუდია და ჩვენი კარგია. მსმენელი წყვეტს იმას, კარგია თუ ცუდია. მგონი, ნახვებზეც აისახება.

თათა:

ასაკით პატარა ვინც არის, მას ხშირად აღუნიშნავს, რომ არ მოუსმენია ორიგინალი ვერსია, შემდეგ მოისმინა, ისიც მოეწონა და ჩვენი შესრულებაც. ჩვენი ვერსიები, ვფიქრობ, ისეთია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს მოსწონს. „ტიკ-ტოკზეც“ მხვდება ამონარიდები ჩვენი სიმღერებიდან, რაც ძალიან მიხარია. ერთგვარი რისკი იყო ქართულ სიმღერებზე გადასვლა, მაგრამ საბედნიეროდ, ამან გაამართლა და ამაში გელას უდიდესი დამსახურებაა.

გელა:

ჩვენი ბენდის თითოეული წევრის სახელით, ყველა ჩვენს კოლეგას დიდ მადლობას ვეტყვი. განსაკუთრებით რუსა მორჩილაძეს, რომელმაც არა მხოლოდ თავისი სიმღერა მოგვცა, არამედ დუეტიც შეასრულა ჩვენთან ერთად.  უარი არავისგან მიგვიღია, ორი გამონაკლისი იყო, თუმცა მერე მაინც მოგვცეს თანხმობა. ზოგი სიმღერის გაკეთება სარისკოა, რადიკალურადაც არ უნდა შეცვალო, უნდა შეინარჩუნო მთავარი ხიბლი. გიო ხუციშვილის „ზღვა ღელავს“ გავაკეთეთ მისი დაბადების დღისთვის, უკვე გარდაცვლილი იყო და მივუძღვენით, ძალიან გვეშინოდა, როგორი გამოვიდოდა, რადგან გიოს მღერის მანერაში სხვა სითბო და სიყვარული აქვს. რისკი იყო, გამოვიდოდა ისეთივე გემრიელი და მიიღებდა მას მსმენელი, თუ არა. ბეწვის ხიდზე გავიარეთ და გამოგვივიდა. დიდი მადლობა მაია ჯორჯაძეს და ზუკა ხუციშვილს, რომ მოგვცეს მისი შესრულების უფლება და ხალხსაც იმისთვის, რომ ეს ვერსიაც შეიყვარეს. დიდი მადლობა ყველა ავტორს, ვ

რაზე დგას ბენდის ხანგრძლივი არსებობა?

ბაბი:

მთავარი არის საერთო ინტერესი, რომლის გარშემოც არიან გაერთიანებულები ადამიანები. ჩვენ აზარტულები გავხდით იმ მხრივ, რომ ყოველ კვირას გვინდა, ისეთი სიმღერა შევასრულოთ, რომელიც ხალხს წინაზე უფრო მეტად მოეწონება. ამ იდეის გარდა, მეგობრობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ბენდის მიღმა ცალკე ურთიერთობები გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელსაც. გელა მართლა ისეთი უფროსია, რომელიც საკუთარ თავს არაფრით გამოარჩევს. ყველას ერთნაირი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

გელა:

ბენდის გრძელვადიანი არსებობისთვის რამდენიმე ფაქტორს დავასახელებდი: საქმის სიყვარულს, შრომისმოყვარეობასა და მეგობრობას. მეგობრობაზე დგას ბევრი რამ. გვიყვარს ერთმანეთი. ამას პლუს ის თვისებები, რაც ზევით ჩამოვთვალე, ქმნის ერთიანობას. სხვა ბენდებს ვერაფერს ვურჩევ, მაგრამ ბევრი შრომა და მეგობრობა ფინანსურ ან სხვა ინტერესზე მაღლა დგას. ჩვენ თავიდანვე ამ მიზნით შევიკრიბეთ, ამ ხაზს მივყვებოდით სულ. ჩვენს ბენდში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც არ ჩანს, ვინც ჩვენ გვწერს, გვიბალანსებს და გვიჟღერებს სწორად ჩვენს ნამუშევრებს, პაატა ფაცურიაზე მაქვს საუბარი. გადაცემაში არასტუდიურად ჩაწერილი სიმღერის გაჟღერება რთულია და ამაში ძალიან გაგვიმართლა. ეს სიმღერები რომ ჰიტდება, მისი დიდი წვლილიც არის.

თათა:

დიდი ხანი არ არის, რაც სიმღერა დავიწყე. აქამდე Yellow Band-ში ვიყავი, რამაც ძალიან კარგი პრაქტიკა მომცა. ახლა გელას რჩევები მეხმარება ძალიან. საქმეში მკაცრი და სამართლიანია, თუმცა საქმის მიღმა მეგობრები ვართ, ერთმანეთის ცხოვრებასთან ახლოს მდგომები. გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, გიყვარდეს შენი საქმე და ანგარიშს უწევდა ადამიანებთან ურთიერთობას. თითოეული კონცერტი ჩვენთვის დღესასწაულია, გვიხარია ერთმანეთთან ურთიერთობა, გადახედვა, გახუმრება. დიდი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ბოლო პერიოდი ლაივკონცერტები არ იყო, რამაც ძალიან დაგვამწუხრა. ეს სულისკვეთება მაინც არის და ველოდებით, რომ წელს იქნება ბევრი კონცერტი, ბევრი მსმენელი და ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაჩვენებთ.

ბაბიმ ახსენა, რომ თქვენი ჩაცმულობა ზოგჯერ კრიტიკას იწვევს, ვინ ზრუნავს ამ მხრივ თქვენზე?

გადაცემის სამხატვრო დირექტორი ზრუნავდა თავიდან, შემდეგ ჩაერთო სხვადასხვა დიზაინერი. ხანდახან გვაცმევს ჩვენი ბაბიც.

მოკლე შორტი თუ ამოღებული დეკოლტე და ამასთან დაკავშირებული კომენტარები…

თათა:

მოკლე სამოსში, ძირითადად, მე ვარ, ამიტომ მე გიპასუხებთ. ვფიქრობ, რომ ცუდი შესახედი არ ვარ და ძალიან მიყვარს მოკლეების ჩაცმა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მგონია, რომ ჩაცმულობით არ განისაზღვრება რაღაცები. უფრო მეტ კომპლიმენტს ვიღებ ჩემს ჩაცმულობაზე, ვიდრე კრიტიკას.

ბაბი:

ზოგჯერ არ მოსწონთ ხოლმე დიზაინი, უფრო ფერადი სამოსი ჩაიცვითო, გვთხოვენ. ამ კომენტარებს ყურადღებას ვაქცევთ, მათთვის რომ საინტერესოები ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ მაყურებლის აზრი. ვცდილობთ, ლამაზად ჩავიცვათ, გემოვნებაზე დავა კი ყოველთვის შეიძლება.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g