მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტში“ მყოფ სამ მგზავრს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები. საკრებულოს წევრად არჩევამდე, თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის გამგებლის მოადგილე იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.