LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩიტები” – ფილმი, რომელსაც ჰიჩკოკი საკუთარი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა, თავის დროზე კრიტიკოსებმა ნეგატიურად შეაფასეს – ფაქტები

2018
The Birds (1963)

1928 წელს, პირველი ბრიტანული ხმოვანი ფილმის ,,შანტაჟის” დადგმის შემდეგ სასპენსის ოსტატი ალფრედ ჰიჩკოკი ამერიკაში გადაბარგდა და კარიერის ექვსი საუკეთესო ფილმი დადგა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ 1963 წელს გადაღებული ,,ჩიტებია”.

მართალია, ნოვატორული აღმოჩენების წყალობით დღეს “ჩიტები” მსოფლიო კინოს შედევრად ითვლება, მაგრამ თავის დროზე კრიტიკოსების ნეგატიური შეფასება დაიმსახურა, რაც განსაკუთრებით საწყენი აღმოჩნდა ჰიჩკოკისთვის, რადგან სწორედ “ჩიტებს” მიიჩნევდა საკუთარი შემოქმედების საუკეთესო, ყველაზე რთულ ფილმად, რომლის დადგმა განსაკუთრებით გაუჭირდა.

დაფნა დიუ მორიეს 1957 წელს გამოქვეყნებული ნოველისგან, რომელიც ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად, ჰიჩკოკმა მხოლოდ საერთო იდეა, განწყობა შეინარჩუნა და პრაქტიკულად სრულად შეცვალა შინაარსი. პირველ რიგში, მტაცებელი ფრინველები ჩაანაცვლა ჩვეულებრივი ჩიტებით, რადგან ჩათვალა, რომ მათი ეკრანზე გამოჩენა ბევრად შემზარავი იქნებოდა.

კინოექსპერტები დღემდე ორჭოფობენ ფილმის ჟანრის განსაზღვრისას, რადგან “ჩიტები” ერთდროულად ფანტასტიკური ტრილერიცაა და აპოკალიპტური ფილმ-კატასტროფაც, საშინელებათა ფილმიც და ტრადიციული მელოდრამაც.

“ჩიტების” გადასაღებად ჰიჩკოკმა კარიერის მანძილზე ყველაზე მსხვილი დაფინანსება მიიღო კინოკომპანია Universal-ისგან და მართალია, ფილმის ბიუჯეტმა 2,5 მლნ. დოლარი შეადგინა, მაგრამ სან-ფრანცისკოში, “ოქროს კარიბჭეს” სახელით ცნობილ ხიდზე ფინალური ეპიზოდის  გადაღებისთვის თანხა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

მართალია, მელანი დენიელზის როლში ჰიჩკოკს მხოლოდ გრეის კელის ხილვა სურდა, მაგრამ მონაკოს პრინცესას გვირგვინის მორგების შემდეგ მსახიობმა უარი თქვა შეთავაზებაზე და სამუდამოდ დატოვა ჰოლივუდი. მოგვიანებით რეჟისორმა ენნ ბენკროფტის მიწვევა სცადა, თუმცა მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა ზედმეტად მსხვილი ჰონორარი მოითხოვა და ჰიჩკოკიც იძულებული გახდა ტიპი ჰედრენზე შეეჩერებინა არჩევანი, რომელიც დიეტური სასმელების რეკლამაში ნახა. ყოფილ მოდელს საერთოდ არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება, თუმცა თავდაუზოგავი შრომის წყალობით, სწრაფად შეუერთდა ჰიჩკიკის ე.წ. “ქერათმიანი ქალების კომპანიას” კიმ ნოვაკთან, ევა მარი სეინტთან და ჯენეტ ლისთან ერთად.

სხვათა შორის მელანი დენიელზის როლისთვის ჰიჩკოკმა თავად შეურჩია ახალბედა ჰედრენს კოსტიუმი, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე შეუცვლელად ატარა, კოსმეტიკა, თმის ვარცხნილობა და ბოლოს დიეტის დაცვაც აიძულა.

ფილმის ერთ-ერთ საკვანძო – სახლის სხვენზე ჩიტების შემოსევის სცენას, რომელიც  მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, სინამდვილეში მთელი კვირა იღებდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ტიპი ჰედრენმა, საკუთარი ცხოვრების ყველაზე კოშმარული კვირა უწოდა ეპიზოდის გადაღებას, რადგან რეჟისორის დაჟინებული მოთხოვნით ნამდვილ თოლიებთან მოუწია გამკლავება, რომლებიც სპეციალური ნეილონის ძაფებით იყვნენ მის კოსტუმზე მიმაგრებული. გმირულად ბრძოლის მიუხედავად, მსახიობმა მაინც ვერ დააღწია თავი სერიოზულ ტრავმებს, როცა ერთ-ერთმა ჩიტმა ბრჭყალიც კი გამოჰკრა თვალში.

ნაკლები სიამოვნებით იხსენებდა “ჩიტების” გადაღებას ტიპი ჰედრენის ქალიშვილი, მომავალი ვარსკვლავი მელანი გრიფიტიც, რომელიც ხუთი წლის ასაკში აღმოჩნდა პირველად გადასაღებ მოედანზე, ბოროტი ხუმრობებით ცნობილი ჰიჩკოკისგან კი საჩუქრად დედის თოჯინა მიიღო ხის ყუთში, რომელიც ძალიან ჰგავდა კუბოს.

ჰიჩკოკმა უარი თქვა მექანიკური ჩიტების გამოყენებაზე და გამოცდილი ორნიტოლოგი რეი ბერვიკი მიიწვია, რომელიც გარეულ თოლიებს ვისკიში გაფუებული ხორბლით კვებავდა, რადგან მხოლოდ ასე ახერხებდა მათ დაშოშმინებას, გაწრთვნილი ფრინველის ყურადღების მისაქცევად კი, მსახიობებს ანჩოუსის ცხიმით აიძულებდა ხელების დასვრას. სცენაში, სადაც გააფთრებული ფრინველი სკოლას უტევეს, ყვავის ფიტულებთან ერთად, რამდენიმე ნამდვილი ჩიტიც “მონაწილეობს”, ბავშვები კი, სინამდვილეში სარბენ ბილიკზე დარბიან, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით დაემატა ქალაქის კადრები.

ჰიჩკოკმა უარი თქვა ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე და მხოლოდ სკოლაში ბავშვების სიმღერა დატოვა. მუსიკის არ არსებობის მიუხედავად, კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი, რომელსაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა ჰიჩკოკთან, მაინც მოხვდა ფილმის ტიტრებში, რადგან სწორედ მან შექმნა ნამდვილი ფრინველის ხმისა და მექანიკური ჭრიალის გამოყენებით უნიკალური ხმოვანი ეფექტები ერთ-ერთ პირველ ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე mixtrautonium-ზე.

შეგნებულად არ დაასრულა რეჟისორმა ფილმი ტრადიციული ტიტრითაც The End, რათა ხაზი გაესვა მისი ორაზროვნებისთვის – ფრინველების ტერორი არ დასრულებულა და არასდროს დასრულდება!

უცნაურია, მაგრამ ნოვატორული “ჩიტები” მხოლოდ ერთი – ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში მოხვდა “ოსკარის” ნომინანტებს შორის. თუმცა, არც დისნეის სტუდიის ლეგენდარული ანიმატორის აბი აივერქსის შრომა დაფასდა სათანადოდ, რომელმაც მართალია, მონდომება არ დააკლო ცოცხალი ფრინველის, ფიტულის და ნახატების გამოყენებით კომბინირებული სცენების შექმნას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ცნობილი დრამის “კლეოპატრას” ეფექტების შემქმნელთან ემილ კოზასთან ბრძოლაში დამარცხდა.

კრიტიკოსთა უარყოფითი გამოხმაურების მიუხედავად, 2,5 მლნ-იანი ბიუჯეტით გადაღებულმა “ჩიტებმა” 11,4 მლნ. დოლარი მოაგროვა გაქირავებაში და წლის საუკეთესო 20 ფილმს შორის მოხვდა, NBC-TV-ს არხზე ჩვენების შემდეგ კი, ეთერში გაშვებულ ყველაზე რეიტინგულ ფილმად იქცა და 1972 წლამდე, არტურ ჰილერის დრამის “სიყვარულის ისტორიის” ტელეპრემიერამდე შეინარჩუნა პირველობა.

ფილმის ლონდონურ პრემიერას ნამდვილი ფრინველები – 2 ფლამინგო, 6 პინგვინი, 50 წითელი კარდინალი და შოშია “დაესწრო”, კინოთეატრიდან გამოსული მაყურებელი კი, ჩიტების გაბმულმა ჟივილ-ხივილმა დააფრთხო ხეებში ჩამალული რუპორებიდან.

 

magti 5g