161-ე სკოლის ადმინისტრაცია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სკოლაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით “ფორტუნასთან” დამატებით განმარტებებს აკეთებს.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, კოვიდინფექცია სკოლის ექვს თანამშრომელს დაუდასტურდა – ინფიცირებულია ღამის დარაჯი, ბიბლიოთეკარი და 4 მასწავლებელი.
როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას ია გაბრიჩიძემ განაცხადა, ინფიცირებული ოთხი პედაგოგიდან ერთს მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა.
რაც შეეხება დარაჯს, მისი სამუშაო დროიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის განმარტებით, მოსწავლეებთან კომუნიკაცია მასაც არ ჰქონია.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული.
“გამოვლენილი ინფიცირებათა შემთხვევების გამო, სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება მე-6 და მე-11 კლასებში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ. შაბათს ჩატარდა დეზინფექცია. ამ წუთებშიც სკოლაში 4 ეპიდემიოლოგი მუშაობს. დამრიგებლებს მშობლებთან აქვთ კომუნიკაცია, ყველაფერი აბსოლუტურად მოწესრიგებულია”.- განაცხადა “ფორტუნასთან” ია გაბრიჩიძემ.