თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას დადებითად აფასებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
კალაძის თქმით, ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.