ევროპელმა სტუმარმა გასულ კვირას შეძლო და პრეზიდენტის სასახლეში ერთ მაგიდასთან დასვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთან, შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კრიზისის აღმოსაფხვრელად ორკვირიანი ვადა მისცა.
რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს 16 მარტამდე, რა შეთანხმებას მიაღწევენ დაპირისპირებული მხარეები – ამ თემებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა.
ლადო ბოჟაძის შეფასებით, საქართველოს არასოდეს აკლდა დასავლეთის ყურადღება, თუმცა მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებული იყო. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ფაქტი, რომ შეხვედრაზე მიწვეული იყო მხოლოდ ის ცხრა საარჩევნო სუბიექტი, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი და მთელი მსოფლიო აღიარებს არჩევნების შედეგებს.
ვინ არის შარლ მიშელი, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების შესარიგებლად ჩამოვიდა
მიშელი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი რეკორდი მოხსნა და 600 დღე მთავრობის გარეშე იყო
„თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს იმ ექვს საკითხს, რომელზედაც შეთანხმდნენ, რომ შეთანმდებიან, ნაწილის პროცესი უკვე დაწყებულია. თუნდაც რიგგარეშე არჩევნებს არ სჭირდება არანაირი დიალოგი. საჭიროა დამტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა და გვექნება რიგგარეშე არჩევნები“– აღნიშნა ბოჟაძემ.
რაც შეეხება შეთანხმების მზაობას, ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მოლაპარაკებებში წითელი ხაზი ერთი საკითხია.
„რიგგარეშე არჩევნები ორივე მხარისთვის არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ვერ გადაუხვევენ. ერთის მხრივ ხელისუფლებას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია კი იმეორებს, რომ პარლამენტში იმიტომ არ შევა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ რიგგარეშე არჩევნები ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, მაშინ ეს თემა საერთოდ უნდა დავივიწყოთ“.– ამბობს ბოჟაძე.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე – რა შედეგით შეიძლება ჩავიდეს პრემიერი ბრიუსელში 16 მარტს, ანალიტიკოსი ასე პასუხობს:
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში რიგგარეშე არჩევნების თარიღით თუ არ ჩავა, ვინმე უსაყვედურებს, ძალიან ცდება. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ევროპას, იმაზე თუ რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავახლოვებოდით ევროკავშირს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი თუ შედგება, ძალიან კარგი იქნება და თუ არ შედგება, დასავლელი პარტნიორები არ მოიკითხავენ, ეს რის გამო მოხდა, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის“. – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.