მუსიკოსი ზაზა წურწუმია „იმედის დილასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საბავშვო „ევროვიზიაზე“, როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, 12 ქულა რუს კონკურსანტს მან მისცა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მიღებული კრიტიკის გამო, როგორც ზაზა წურწუმია ამბობს, საშინელი პერიოდი გამოიარა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 26 ნოემბერს გამართული „ევროვიზიის“ კონკურსი ბავშვებს შორის რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა. მას სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩა ქართველი გრიგოლ ყიფშიძე. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა სწორედ რუსეთს მიანიჭა.
ჟიურის წევრები იყვნენ: მომღერალი სოფო გელოვანი, „ბასტი ბუბუს“ ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე და ორი თინეიჯერი, ჟიურის თამჯდომარე კი გახლდათ კომპოზიტორი, ზაზა წურწუმია. სოფომ და თამარმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მათ უმაღლესი ქულა რუსი კონკურსანტისთვის არ მიუციათ. კომპოზიტორი ზაზა წურწუმიას დღევანდელ დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია, დღეს კი „იმედის დილაში“ სტუმრად ყოფნისას ისაუბრა ამ თემაზე.
ზაზა წურწუმია:
მე დავუჭირე მხარი რუს კონკურსანტს. ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ფავორიტი იყო. ჟიურისთვის ტრანსლირება ცალკე ხდებოდა, წინა დღით. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო გრიგოლი, მაგრამ სამწუხაროდ, ხმას მას ვერ ვაძლევდი. რაც ვნახე, ჩემზე რუსმა გოგონამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჟიურის სხვა წევრებთან კონტაქტი არ შეიძლებოდა. სხვა ქვეყნების ჟიურის წევრები რა ქულებს დაწერდნენ, ამისი წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია. არავის ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას, რადგან ორი მძიმე, საშინელი დღე გამოვიარე ჩემს შვილთან ერთად. რვა წლის გოგონა ჩემთან ერთად ნერვიულობდა, ღამეები რომ არ მეძინა. წნეხი გამოვიარე, რომ ვარ მოღალატე და ერის შემარცხვენელი.
ერთპიროვნულად ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საბავშვო „ევროვიზიას“, დიდებისგან განსხვავებით, არასდროს ჰქონია პოლიტიკური ელფერი. მე, როგორც კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, ამ ბავშვს და კონკურსანტებს, ალალი გულით შემოქმედებითად შევხედე. ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე მივანიჭე ქულები…