ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის უფროს ბექა ფერაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს ხვდებიან. გასართობი ცენტრების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ყველა ბიზნესობიექტი გაიხსნა და აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ რამდენიმე დღეში მათი ობიექტებიც გაიხსნება.
„ვფიქრობთ, ეს შეხვედრა არ იქნება „შეხვედრა – შეხვედრისთვის”, რადგან აღარ დარჩა ქვეყანაში სხვა ბიზნესსუბიექტები გასახსნელი. დავრჩით მხოლოდ ჩვენ, ამიტომ ვფიქრობთ შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და გამოვიტანთ დადებით პასუხს, რომ რამდენიმე დღეში მოხდება ჩვენი ობიექტების გახსნაც. თუ გაიხსნა საბავშვო ბაღი, სკოლა, ცეკვის სტუდიები, რა დარჩა იმისათვის, რომ გაიხსნას ჩვენი ობიექტები? ამიტომ გვგონია, რომ გამოვიტანთ დადებით პასუხს, თუმცა ამის 100%-იანი გარანტია არ გვაქვს”, – განაცხადა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა.
მისივე თქმით, თუ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებენ, აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან გაიმართება.