„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე ცხრა წელია, რაც მოვიდა. მანამდე ქვეყნის სათავეში, ასევე, ცხრა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
2004-დან 2012 წლამდე პერიოდს ზოგი სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც უწოდებს. ყოფილ პრეზიდენტს ბევრი ადანაშაულებდა, რომ ქალ მინისტრებს მათი სილამაზის წყალობით ნიშნავდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა მათგანმა მინისტრობის შემდეგ კარიერა წარმატებით გააგრძელა და მათ შორის რამდენიმემ მილიონების გამომუშავება პოლიტიკის მიღმა შეძლო.
„ფორტუნა“ შეეცადა, მოეძიებინა ყველა ინფორმაცია ქალებზე, რომლებსაც ერთ დროს საქართველოს ბედი ებარათ.
პირველი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქალი მინისტრებიდან ყველას ახსენდება – ვერა ქობალიაა.
2010 წელს, ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნა, ბევრს გაუკვირდა. რეალურად ის საზოგადოებისთვის უცნობი, 28 წლის გოგო იყო. თუმცა მას მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩააბარა.
ეკონომიკის ძალიან ახალგაზრდა მინისტრი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ დაკლებია. მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო.
ავსტრალიის მთავრობამ ის ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა.
ინდონეზიის მთავრობასთან მან ორწლიანი კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩეველია.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ვერა ქობალია „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. უცნობია, თავად არ დათანხმდა, თუ სააკაშვილმა გადაიფიქრა მისი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება.
ფაქტია, ვერა ქობალია ამჯერად, კვლავ, ქართული პოლიტიკის მიღმა აგრძელებს კარიერას.
კიდევ ერთი ქალი მინისტრი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავისი სილამაზით ყველა აალაპარაკა, ხათუნა კალმახელიძეა.
ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა და თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა.
ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა.
2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა.
კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს.
2011 წელს კალმახელიძემ საქართველოში მონაკოს პრინცს, ალბერტ მეორეს უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, პრინცის სტუმრობის მიზეზი პრინცისა და კალმახელიძის ბიძის გოჩა არევაძის მეგობრობაა. არევაძე მონაკოში მსხვილ კაპიტალს ფლობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე საუბარი და ქალი მინისტრების გახსენება არასწორი იქნებოდა მარიკა ვერულაშვილის გარეშე.
მარიკა ვერულაშვილი 2000-2001 წლებში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო.
2001 წელს „ნაცმოძრაობის” პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
შემდეგ თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახდა.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.
2004 და 2008 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად.
2008 წლიდან მისმა გავლენამ ნელ-ნელა იკლო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი მეორე მეუღლე დააპატიმრეს და როგორც ამბობდნენ, ბევრი ფულიც “აახიეს”. ამბობენ, რომ მისი მეუღლის ინტერესები გიგი უგულავასთან გადაიკვეთა. მეუღლის დაჭერიდან მალევე მარიკა ვერულაშვილი პარტიიდან წავიდა…
ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
2012 წლის ხელისუფლების ცვლილებამდე ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში.
ეკა ტყეშელაშვილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები.
„ნაციონალური მოძრაობის“ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ შექმნა. ორგანიზაციის პრეზიდენტი კი თავად ეკა ტყეშელაშვილი გახდა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური სახე იყო მაია ნადირაძე.
ის თავდაპირველად „ტრადიციონალისტთა კავშირის“ წევრი იყო, მეგობრობდა ნინო ბურჯანაძესთანაც. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდა.
მე-6 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერს როგორც ამბობენ, საკმაო გავლენაც ჰქონდა. სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა.
საჯარო სივრცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა, მაშინ ის სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს შეუერთდა.
ამბობდნენ, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა.
როგორც 2014 წლის მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო.
კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა, ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ – ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტანა.
რა თქმა უნდა, ძნელია დღეს ვივარაუდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა მათ კიდევ პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ქალბატონებმა უდაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეკავათ თუ არა მათ მნიშვნელოვანი თანამდებობები მხოლოდ სილამაზის წყალობით, ეს ალბათ ჩვენმა მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. თუნდაც იმის გათვალისწინებით, როგორ გააგრძელეს მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცხოვრება.