ფსიქოთერაპევტმა მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრაზის შესახებ ისაუბრა. მან განმარტა , რამდენად მნიშვნელოვანია ბრაზის სწორად გამოხატვა:
„ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია მშობლებისთვის გაუთავებელი ჭკუის დარიგება, რადგან მშობელზე მეტად შვილი არავის არ უყვარს და მან უკეთ იცის, როგორ მოიქცეს. უფრო მეტიც, შვილს როცა უჭირს, მშობელთან უნდა გაიქცეს, მას უნდა გაუზიაროს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეხვდება მშობელი ამას. გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე, როგორც მშობელი, ვარ გულწრფელი, როცა ვბრაზობ და ამას აღვნიშნავ და თუ ზედმეტი მომივიდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდი.როგორ შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაბრაზდე, მაგრამ ამ დროს მთავარია, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ბავშვს, მაგალითად, ნეგატიური შეფასება, ფრაზა „შენგან არაფერი არ გამოვა“, „რას ჰგავხარ“, „რით ვეღარ გაიგე?!“… შენიშვნები, რომლებიც ბავშვს აკნინებს და თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს, არ უნდა ვუთხრათ მათ.
არსებობს ასეთი მეთოდი – „არგანხილვა“, როცა რაღაცას არ განიხილავ. მაგალითად, ბავშვი ზამთარში ამბობს, რომ ეზოში ტრუსებით და მაისურით უნდა ჩასვლა, თუკი შეჰყევი ამ მოედანზე, ის მოგიგებს, ე.ი. მშობელი იწყებს კამათს, რომ გაცივდები, ეშლება ნერვები, ბავშვს კი არ ესმის. მის მსგავსად მოიქეცით, ანუ თქვენც არ გაიგებთ მის ნათქვამს და ეტყვით, ეზოში გინდა ჩასვლა? და ამ დროს ჩაცმის ორ თქვენთვის სასურველ ვარიანტს შესთავაზებთ. ანუ მშობელმა არ უნდა განიხილოს ტრუსებით და მაისურით ზამთარში ეზოში ჩასვლა. შენ ხარ მშობელი, გაქვს პასუხისმგებლობა შვილზე და აქედან გამომდინარე შენ, მშობელი წყვეტ ამას შვილთან ერთად“, – ამბობს მარინა კაჭარავა.