LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა უნდა ვიცოდეთ წონის მატებისას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?“

724
page

რა იწვევს წონაში მატებას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?  საინტერესო თემაზე „ფეისბუქ-ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

წონის მატება საკმაოდ აქტუალური პრობლემაა დღევანდელ რეალობაში. როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა უნდა გავითვალისწინოთ წონის  მატების დროს? თუ წონაში იმატებთ, პირველ რიგში ეჭვი სამ დაავადებაზე უნდა მიიტანოთ, სიმპტომებიდან გამომდინარე. ესენია:

ჰიპოთირეოზი – თუ წონის მომატება გენეტიკაში არ გაქვთ, მაგრამ მაინც მოიმატეთ იმის ფონზეც, რომ თქვენი კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა ნორმალურია, მიმართეთ ექიმს. რადგან წონის მატებაში „დამნაშავე“ შესაძლოა ჰიპოთირეოზი იყოს – მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ ვერ მუშაობს და თავის ჰორმონებს, მაგალითად T4-ს და T3-ს ვერ გამოყოფს. შედეგად ქვეითდება მეტაბოლიზმი, ადამიანის მიტოქონდრიები ენერგიის წვას ვერ ახერხებენ და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობის შეგრძნება, შეკრულობა, გულისცემის დაქვეითება, დეპრესიისკენ მიდრეკილება და ცხადია, წონაში მატება… იმისათვის, რომ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჰიპოთირეოზი, უნდა მივმართოთ ექიმს და  გავიკეთოთ TSH-ის ანალიზი – თუ ჰიპოთირეოზი გვაქვს, TSH-ის რაოდენობა მაღალი იქნება.

პოლიკისტოზი – ქალებში ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადება საკვერცხეების პოლიკისტოზია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ქალების 2-26%-ს აწუხებს. წონის სიჭარბის გამო ორგანიზმში ინსულინის დონე შედარებით მაღალია, რაც ქალის ჰიპოთალამუსს აზიანებს და აიძულებს მას, გამოყოს დიდი რაოდენობით მალუთეინიზირებელი ჰორმონი. შედეგად ამ ჰორმონსა და მეორე, FSH ჰორმონს შორის ბალანსი ირღვევა და საკვერცხეებში ყალიბდება მრავალრიცხოვანი ცისტები. ბუნებრივია ეს მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე, რომელიც შესაძლოა ჭარბწონიან გოგონას ჰქონდეს არარეგულარულად ან საერთოდ არ ჰქონდეს. პოლიკისტოზი უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გარდა ამისა, ცხიმოვან ქსოვილში არსებული ფერმენტის, არომატაზას დამსახურებით ამ ქალბატონების სხეულში დიდი რაოდენობით მამაკაცური ჰორმონი, ანდროგენი გამოიყოფა, რის გამოც მათ ჭარბთმიანობა აღენიშნებათ. თუ ჭარბ წონასთან ერთად გაქვთ თმიანობა და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, აუცილებლად მიიტანეთ ეჭვი საკვერცხეების პოლიკისტოზზე და მიმართეთ ექიმს.

კუშინგის სინდრომი – ამ დაავადების დროს თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს დიდი რაოდენობით კორტიზოლს, რომელსაც ორგანიზმში დიდი ოდენობით წყლის და ნანტრიუმის დაგროვება და წნევის გაზრდა შეუძლია. თუ გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი წნევა, თუ გაქვთ მუცლის სიმსუქნე, ანუ ცხიმის უდიდესი ნაწილი მუცლის არეშია თავმოყრილი, თუ გაქვთ სტრიები, ცხიმი ბეჭებზე და კუნთების სისუსტე, ეს ყველაფერი შეიძლება კუშინგის სინდრომზე მიანიშნებდეს. კუშინგის სინდრომის გამოსარიცხად უნდა მივაკითხოთ ექიმს და ჩავიტაროთ დექსამეტაზონის სუპრესიის ტესტი ან ნერწყვში კორტიზოლის რაოდენობის განსაზღვრა.

გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, მომდევნო გართულებების თავიდან ასაცილებლად მუდამ უნდა აკონტროლოთ სამი პარამეტრი. ესენია:

გლუკოზის დონე – თუ ჭარბწონიანი ხართ, აუცილებელია სისხლში გლუკოზის მუდმივად შემოწმება, რათა შაქრიანი დიაბეტი გამოირიცხოს. მისი არსებობისას კი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, რაც მომავალში უამრავი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის და იშემიური ინსულტის, ასევე თირკმლის და მხედველობის პრობლემების.

წნევა – ჭარბწონიან ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში მომატებული სისხლის წნევა აქვთ, რაც შემდგომში სხვადასხვა სახის გართულებებს, მათ შორის ინსულტებს იწვევს. ამიტომ წნევის კონტროლი აუცილებელია.

ქოლესტეროლი  – გლუკოზის და სისხლის წნევის მსგავსად, ჭარბწონიანმა ადამიანმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ქოლესტეროლიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g