ირმა სოხაძე რომ სტუდენტი გახდა, ბევრისთვის ეს ამბავი უკვე ცნობილია. ოთხწლიანი სწავლის პერიოდი საინტერესოდ იქნება დატვირთული, ვინაიდან ირმა სოხაძე გახდება პირველი, ვინც დოქტორანტურის ფარგლებში, მონოოპერაზე იმუშავებს, საესტრადო ჟანრში…
ქალბატონი ირმა fortuna.ge-ს კითხვებს პასუხობს სწავლაზე, პირად ცხოვრებასა და ცოტაც, პოლიტიკაზე…
ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება სწავლის განახლებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, სხვა ქალბატონებისთვის მისაბაძი იქნება თქვენი ეს ნაბიჯი?
ირმა სოხაძე:
ყველა თავად წყვეტს თავის მომავალს. ჩემმა მეგობარმა, ირინა ებრალიძემ დისერტაცია რამდენიმე წლის წინ დაიცვა. მე ვიყავი მისი რეცენზენტი. ახლახან კი შემომთავაზა სწავლის გაგრძელება. პროფესორი რომ გავხდები, ეს ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ ამაზე უფრო მეტად თავად სწავლის პროცესი მაინტერესებს. თავიდან დაგვიანებული მეგონა ეს ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ ირინამ დამარწმუნა, რომ ძალიან კარგი პირობები იყო. სექტემბერში, თბილისში რომ დავბრუნდი და პანდემიამ თავიდან მოიკრიბა ძალები, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, ამიტომაც დავურეკე ირინას და დავთანხმდი. მეშინოდა ინგლისურის ჩაბარების, რადგან ენას პრაქტიკა სჭირდება, რომელიც დიდი ხანია, აღარ მქონია, მაგრამ გოგა ასკურავასთან ონლაინგაკვეთილებზე ყველაფერი ძალიან ადვილად გავიხსენე.
სწავლა უკვე დავიწყე, ბევრ პოზიტიურ რამეზე ვფიქრობ და არა იმაზე, რა საშინელებაა ეს კოვიდი და როგორი ცუდია პოლიტიკური ჩიხი. ამაზე ფიქრის დრო აღარ მრჩება. ეს მოცემულობაა და ვერაფერს ვცვლით. ჩემი პირადი რეალობის შეცვლა შემეძლო და ეს გავაკეთე.
სხვათა შორის, ჯერ არ მაქვს ბევრი საგანი, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ნოტების კომპიუტერში წერა სიბელიუსის პროგრამით. ყველა ჩემი ნაწარმოების ნოტები აქამდე ხელით მაქვს დაწერილი, ახლა კი ამ პროგრამას შევისწავლი.
ოთხი წელი დიდი დროა და სრულიად შესანიშნავი თემა ავიღე, მონოოპერა. მე ვიქნები მისი პირველი შემსრულებელი, იქნება შერეული ჟანრის ნაწარმოები. ვფიქრობ, სამ წელიწადში მზად მექნება და პრემიერაზე აუცილებლად მოგიწვევთ.
იმედია, იმ დროს ისევ კორონა არ იქნება…
თუ ავიცრებით, არ იქნება!.. ჩვენ გვინდა, რომ გაიხსნას რესტორნები, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, იყოს კონცერტები, გადავიხადოთ ქორწილები, მაგრამ აცრის გაკეთება არ გვინდა.
თქვენ იქნებოდით იმ ას ადამიანს შორის, რომელიც დაავადების კონტროლის ცენტრმა მიიწვია ასაცრელად?
მე არავისი დაპატიჟება არ მჭირდება. მე და ჩემი მეუღლე 11 აპრილს ჩაწერილები ვართ და მივდივართ „ფაიზერით“ ასაცრელად. ჩვენ როცა დავრეგისტრირდით, ეს ვაქცინა იყო.
როგორ მწყდება გული, რომ ქართველები ასეთი ეჭვიანი ხალხი ვართ. ჯერ იყო ერთი ამბავი, ვაქცინა რატომ არ ჩამოაქვთო, ახლა დევს და არავინ იცრება. ხალხი ამბობს, ცუდია, რომ ვაქცინა წლების განმავლობაში არ არის გამოცდილიო. წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადს რომ ველოდოთ, სანამ ვაქცინას გამოსცდიან, ამოწყდება ნახევარი მსოფლიო. ეს უნდათ?!. ძალიან სამწუხაროა ის უბედური შემთხვევა, რომელიც ჩვენთან მოხდა ექთანთან დაკავშირებით, მაგრამ კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი იღუპება. პროცენტულად უფრო დიდი რისკია, როცა არ აიცრები, შეგხვდეს კორონავირუსი. რისი უნდა მეშინოდეს, რომ ვაქცინით დამჩიპავენ? ხალხის გაწყვეტა თუ უნდათ, რაღაცა სხვას მოიფიქრებენ… ამის მიუხედავად, მე არავის არაფერს მოვუწოდებ. თავად მივდივარ და ავიცრები, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.
თქვენი ორი ქალიშვილი თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ადამიანები არიან. ალბათ, თქვენი დოქტორანტურაში ჩაბარება მათ განსაკუთრებით გაახარებდათ…
ჩვენს ოჯახში წიგნის კულტი იყო. ბებია სულ კითხულობდა. პედაგოგი გახლდათ, დედაჩემიც, მის მსგავსად, ფილოლოგი იყო. ვერ გეტყვით, რომ ან სალომეს ან ნატას ძალით ვაჩეჩებდით წიგნებს ხელში. ეს თავისთავად მოხდა. ოჯახში თუ არ არის ეს ტრადიცია, წიგნის შეყვარება ბავშვისთვის ძალიან რთულია. მით უმეტეს, დღეს, – ჩემი შვილიშვილები კითხულობენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ჩემი შვილები კითხულობდნენ… აკადემიური განათლება ჩვენს ოჯახში პრიორიტეტული იყო და ორივე ქალიშვილმა ამ კუთხით გააგრძელა. ნატა მალე პროფესორი გახდება. სხვათა შორის, ჩემმა ქალიშვილებმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. მოეწონათ ჩაბარების გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ჩემს მეუღლეს, რომელმაც იცის ჩემი დაუოკებელი ენერგიის შესახებ…
თქვენი ოჯახის წევრები ასეთივე ენთუზიაზმით ეკიდებიან თუ არა თქვენს პოლიტიკურ აქტიურობას?
ამ თემასთან დაკავშირებით ოჯახში თანხმობას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ახლა მეც აღარ მინდა პოლიტიკურ გადაცემებში მონაწილეობა და ხშირად უარს ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ გული არ მითმენს, – როცა გეჩვენება, რომ შეგიძლია, ადამიანებს გამოსავალი შესთავაზო, რატომაც არა.
პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ. მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ. რა უნდა გააკეთოს წყვილმა იმისთვის, რომ ქორწინებას ახალი ფერები შესძინოს?
კორონას პერიოდმა მე და რეზო ძალიან დაგვაახლოვა, როცა ყველა შინ იყო… რეზომ ერთ დღეს შემოირტყა თავში ხელი და მითხრა, შენი ადგილი სამზარეულოში ყოფილა, რა გინდოდა სცენაზე, არ უნდა გამეშვიო… აღმოაჩინა, რომ ფანტასტიკური კულინარი ვარ. პირველ ექვს თვეში, როცა პანდემია დაიწყო, რამდენიმე კილო მოვამატებინე…
სიყვარული და ურთიერთობა, რა თქმა უნდა, განიცდის ევოლუციას, გადის ფაზებს, მე და რეზო იმდენი ხანია, ერთად ვართ, რაღაცნაირად ერთნი ვართ, უსიტყვოდ გვეცინება ერთსა და იმავე ხუმრობაზე, გვაქვს ერთნაირი გემოვნება. კი, არის განსხვავებებიც, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო შეხების წერტილი გვაქვს. კორონამ აღმოგვაჩენინა, რომ ძალიანაც გვიხარია და გვეხალისება ერთად ყოფნა. ჩვენი იძულებითი ჩაკეტილობა იძულებით თანაცხოვრებაში სულაც არ გადაიზარდა… ზოგადად, უნდა ვეცადოთ, ყველაფერში დადებითი ვიპოვოთ და სადაც შეგვიძლია, თავად შევქმნათ ის…
სიმღერის კუთხით რაიმე სიახლე თუ გაქვთ?
მე და დათო მაზანაშვილმა გადავწყვიტეთ, დუეტი გაგვეკეთებინა და უკვე რამდენიმე გადაცემაში გამოვჩნდებით. ძალიან მოგვწონს ეს თანამშრომლობა. ახლა დისკზე ვმუშაობთ, რომელსაც იმედია, საზოგადოებას მალე წარვუდგენ. ამასთანავე, ჩვენს ძვირფას მსმენელს არაერთ კონცერტს შევთავაზებთ.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი