LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასანანი წაგება გერმანიაში: საქართველო მსოფლიოს გზას დაადგა

21

საქართველომ მსოფლიოსკენ მიმავალი გზა მარცხიანად დაიწყო. არადა, მიუხედავად, უამრავი საკადრო სირთულისა, მაინც შეიძლებოდა გერმანიიდან დადებითი შედეგის წამოღება. ახალი სახეები, შეთამაშების პრობლემა, საერთაშორისო გამოცდილების დეფიციტი და ბოლოს – ფიზიკური კონდიციები. სწორედ ამ უკანასკნელმა წაგვაგებინა თამაში. მესამე მეოთხედის შემდეგ საქართველო ქულას იგებდა, აი გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. დასანანია – ჩვენები არ იმსახურებდნენ დიდი სხვაობით წაგებას, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მატჩის დასასრული ცოტა სხვაგვარი უნდა ყოფილიყო.

საქართველოს ნაკრები ქართული სუპერლიგის 8 მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, ხოლო 7 დებიუტანტი ჰყავდა.

ილიას ზუროსი როტაციას ხშირად მიმართავდა. თან რადგან ჩვენები ფარქვეშ უპირატესობას ვერ ფლობდნენ, შორეულ სროლებზე გადავიდნენ და სარეკორდო პირველი პერიოდი ითამაშეს. მიხეილ ბერიშვილმა, მაიკლ დიქსონმა, ნიკა ცქიტიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა პირველ ტაიმში ჯამში 12 (!) სამქულიანი ჩააგდეს, რაც არათუ ევროპულ კალათბურთში, ნბა-შიც კი ძალიან დიდი იშვიათობაა.

გერმანელები ქართველების ასეთ სიზუსტეს არ ელოდნენ და დაიბნენ, ქართველებმა კი ზუსტი თამაში განაგრძეს და მეორე პერიოდის ბოლო წუთზე 41:35 დაწინარდნენ. ამ მომენტში კარგი შანსი იყო, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოგვეპოვებინა, თუმცა ბექა ბექაურმა ორივე საჯარიმო გააცუდა, ხოლო დაცვაში ბურთი ორჯერ მოვხსენით, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ და… რობინ ბერზინსმა სამქულიანი ჩაგვიგდო, თან მისი სროლის დასაფარებლად მომართული ნიკა დარბაიძე დააჯარიმეს და ვეტერანმა გერმანელმა დიდი სესვენებისთვის მინიმუმამდე შეამცირა მასპინძელთა უპირატესობა – 40:41.

გადამწყვეტი პერიოდი ქართველებისთვის უშედეგოდ დაიწყო. გოგა ბითაძე, რომელმაც სამწამიანში შედეგიანობას უმატა, მე-4 პერსონალური მიიღო, რასაც შეხვედრის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე მეხუთეც მოაყოლა და მოედანი დატოვა. გერმანელებმა ამოისუნთქეს და ბერზინსისა და მაიკ ზირბესის შედეგიანობით, რასაც პერიმეტრიდან შესრულებული ზუსტი სროლები დაერთო, 10-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს – 74:64 .

დარჩენილ 4 წუთში ქართველებმა ვერაფერი შეცვალეს და 70:79 დამარცხდნენ.

მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში 32 წუთი ითამაშა და 7 ქულა (2 სამქულიანი) მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა. ყველაზე შედეგიანი კი დიქსონი იყო 23 ქულით, რომელმაც შეუსვენებლად ითამაშა და ძალიანად მაგარი იყო, ოღონდ სამწუხაროდ, მეოთხე პერიოდი ჩაუვარდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს სწორედ სერბეთთან, 27 ნოემბერს, ბელგრადში ჩაატარებს.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთმა ავსტრიას 85:64 მოუგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g