“იმ დაწესებულებას, სადაც დასაქმებულთა 80% ან მეტი, ვაქცინირებული იქნება, შესაძლოა, უსაფრთხო გარემოს შესახებ გარკვეული ნიშანი მიენიჭოს.” – ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული იდეა ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს.
გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული იდეა კორონავირუსზე ვაქცინაციის პოპულარიზაციასა და ბიზნესებისთვის წამახალისებელი მექანიზმის შექმნას ემსახურება.
“ბევრი ქვეყანა იყენებს გარკვეულწილად დადებით სტიმულებს, იმისათვის, რომ წახალისდეს ბიზნესგარემოში ვაქცინაციის პროცესი. ამ შემთხვევაში, ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ იმ დაწესებულებას, სადაც დასაქმებულთა 80% ან მეტი, ვაქცინირებული იქნება, მიენიჭოს გარკვეული ნიშანი უსაფრთხო გარემოს შესახებ. ეს, ჯერჯერობით კონცეფციის დონეზეა.” – თქვა მინისტრი მოადგილემ.
გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მისი ვალდებულება არცერთ ეტაპზე არ განიხილება.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული “ასტრაზენეკას” ვაქცინით, მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრებიან და ამ ეტაპზე, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, “ასტრაზენეკასთვის” აღარ მოხდება.
“ასტრაზენეკას” ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი პირები აიცრებიან: გაბუნია