კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის მარტში 75.3%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 90.7%-ით – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 73.4% -ით (2021/2020) და 89.0%-ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 64.4%-ით (2021/2020) და 84.4%-ით (2021/2019) შემცირდა.
„საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ), კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები (ემირატები) და გაერთიანებული სამეფო ვიზიტზე საშუალო დანახარჯის მიხედვით ტოპ ხუთ ქვეყანაში შედიან.
თურქეთი, საუდის არაბეთი, კატარი, ემირატები და სომხეთი დღეში საშუალო დანახარჯის მიხედვით ტოპ ხუთ ქვეყანაში შედიან.
მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, შესაძლოა, რეკომენდირებული იყოს მარკეტინგული კამპანიების მიმართვა თურქეთისკენ, ასევე, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყნის, სომხეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ამასთან, მასტერქარდის მიერ 2021 წლის მარტი-მაისისთვის ფრენების ძიების მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი საქართველოში ფრენების მიმართ თურქეთიდან იყო. თურქეთში მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდისა და მოკლევადიან პერიოდში ტურისტების ნაკადების სტიმულირებისთვის, რეკომენდირებულია სახმელეთო საზღვრების გახსნა, რადგან 2015-2019 წლებში, ვიზიტორთა 78% სწორედ სახმელეთო გზით შემოვიდა ქვეყანაში“, – ნათქვამია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის კვლევაში.