“სანამ ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, ამნისტიის დოკუმენტის დეტალები იქამდე უნდა გაერკვია, ახლა ეს დაგვიანებულია,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ამნისტიის დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტი უნდა შედგენილიყო ისე, რომ ის დამნაშავეებსა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებულ პირებს არ შეხებოდა.
დამენიას განცხადებით, ამნისტია იქნება თუ გირაო, ამაზე თავის აზრი და მოსაზრება ნიკა მელიას დაფიქსირებული აქვს, ხოლო თუკი პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების შეცვლით შევა, ყველა ის ბერკეტი, რომლითაც შეიძლება მელია დღესვე იყოს გათავისუფლებული, ხელისუფლების ხელშია.
“თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტზე შედეგი და ამ შედეგის მიღწევა, მას ეს თავისუფლად შეუძლია. ამრიგად, აქ სხვა გზის ძებნა ფაქტობრივად გამორიცხულია. სანამ ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდნენ, დეტალები მანამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული, პოსტფაქტუმ ამ ყველაფრის მიღწევა, რა თქმა უნდა, პრობლემურია.
“ჩვენ ვრჩებით იმ მოსაზრებაზე, რომ, რა თქმა უნდა, ამნისტია იყო ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ „ეშმაკი სწორედ რომ დეტალებშია“. იქვე უნდა ყოფილიყო გარკვეული – რა მუხლით და როგორ იქნებოდა ამნისტიის მიღება. ამნისტიის დოკუმენტი ისე უნდა შედგენილიყო, რომ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენეს და ეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს, მათ არ უნდა შეხებოდა, თუმცა, ამაზე საუბარი სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.
მისი აზრით, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია თქმა, რომ ხელისუფლება ხუთივე პუნქტს შეასრულებს.
„თუ გავიხსენებთ იმას, რომ პროპორციულ არჩევნებზე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან გვქონდა დაპირება, მაგრამ შემდგომ უკვე ე.წ. მეამბოხე დეპუტატების სახით ისევ გადმოატრიალა, ამის გარანტია თუ რა მოხდება და რა იქნება, პრობლემურია“, – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა.
