ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
დადასტურებამდე 4 დღით ადრე ადვოკატი ბექა ბასილაია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ციხეში შეხვდა. სავარაუდოდ ამ დროს ის უკვე გადამდები იყო.
„ფორტუნას“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ბრალდებულს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება.
მათივე ინფორმაციით, ნიკა მელიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირების ჩატარებაზე უარი განაცხადა.
ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა – თუმცა ნიკა მელიამ სწრაფი ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა
„ფორტუნა“ ნიკა მელიას ადვოკატებს ესაუბრა.
“ციხის პროტოკოლიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ნიკა მელიას შესაძლო ინფიცირების წყარო, თუ ეს ასეა, მე ვყოფილიყავი, რადგან ვიდრე პატიმართან შევდივართ, ციხის ადმინისტრაციაში შესაბამის უსაფრთხოების ზომების გავლა გვიწევს – ვიცვამთ ბახილებს, ვიყენებთ დამცავ ფარს, გავდივართ დეზინფექციას და შემდგომ შევდივართ ოთახში, სადაც პატიმართან შუშის მეტრზე მაღალი შუშის მინა გვაშორებს, შესაბამისად, პირდაპირი კომუნიკაცია ისედაც არ გვაქვს. ნიკა მელიასთან კონტაქტი კი ბოლოს, ორშაბათს მქონდა,” – განუცხადა “ფორტუნას” ბექა ბასილაიამ.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ასევე გამორიცხავს, რომ თუ ნიკა მელიას კორონავირუსი აქვს, დაინფიცირების წყარო იყოს.
“მე პირადად, ნიკასთან ბოლო ერთი კვირაა კონტაქტი არ მქონია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, წყარო მე ვერ ვიქნებოდი, რადგან კოვიდი უკვე გადატანილი მაქვს, თუმცა, გამორიცხვით რთულია რაიმეს თქმა, ვინაიდან, შეხვედრა მაინც ერთ სივრცეში ხდება,” – უთხრა “ფორტუნას” ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
„ფორტუნას“ სანდო წყარომ პენიტენციურისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. ნიკა მელიას დღეს მაღალი ტემპერატურა დაუდასტურდა.
ამის შესახებ ბექა ბასილაის სტატუსის კომენტარებში დაწერა ეკა ხერხეულიძემაც, რომელიც ნიკა მელიას მეგობარი და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრია.