ცოლ-ქმარი დაკარგულ ჩიხუახუას ჯიშის ძაღლს, სახელად – მიკის ეძებს, მპოვნელს კი პენსიით, თუთის არყითა და მწნილით დააჯილდოებს.
ლალი ნოზაძისა და ჯემალ ნოზაძის ძაღლი უკვე მეხუთე დღეა, რაც დაკარგულია. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ოჯახი ყველგან ჩიხუახუა მიკის ეძებს, როგორც ისანში – უბანში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ისე, სოციალურ ქსელებში, თუმცა, ამ რომდე უშედეგოდ.
„ჩვენ ვცხოვრობთ კობარეთის ქუჩაზე, ისანში, „არამიანცის საავადმყოფოს“ მეორე მხარეს. ჩაკეტილი ეზო გვაქვს, რომელსაც რკინის კარი აქვს. ძაღლი მანამდე არასდროს გასულა გარეთ, ეზოში დარბოდა. ეზოში კიდევ გვყავს დიდი ძაღლი, რომელიც მეზობელმა შეიკედლა. ერთი ეზო გვაქვს ორ ოჯახს და ისიც შეგვეჩვია…
7-8 წელიწადია ჩვენთან ცხოვრობს. ჩემს ქმარსაც და მეც ძალიან გვიყვარს ცხოველები. ეს პატარა ჩიხუახუა კი ჩემმა რძალმა მაჩუქა – პატარაა, დიდი მოვლა არ სჭირდებაო, მარტოები ხართ და გაგართობთო. ეს 5 წლის წინ იყო, იმის შემდეგ კი ჩვენთან ცხოვრობს. ძალიან მშვიდობისმოყვარე ძაღლია, აგრესიული საერთოდ არ არის“, – უყვება ძაღლის მეპატრონე, ლალი ნოზაძე “ნეტგაზეთს.”
„ჩემი ქმარი საბავშვო მოთხრობების წერს და რომ წერდა მერხთან, ძაღლიც მიუჯდებოდა და უყურებდა. თუ ჩემი ქმარი სახლში არ იყო, მოწყენილი იწვა თავის ლოგინში და ელოდებოდა. ძაღლი სახლიდან 5 დღის წინ დაიკარგა,” – ამბობს ლალი ნოზაძე.
მისი თქმით, ამ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულმა ძაღლს აჭამა, შემდეგ კი საშინაო საქმეებს შეუდგა. „ტელევიზორთან რომ ვჯდებოდი, ისიც გამოიქცეოდა, ამოხტებოდა და მომიჯდებოდა. რომ დავჯექი ტელევიზორთან, დავუძახე და არსად ჩანდა. გამოვედი გარეთ, ჯემალ, სად არის ძაღლი-მეთქი, ვკითხე ქმარსაც, მაგრამ მიკი არსად იყო“, – ამბობს ის.
ლალი ნოზაძე ვარაუდობს, რომ ძაღლი ქუჩაში იმ დროს გავიდა, როდესაც ერთ-ერთმა მეზობელმა გასვლისას ეზოს კარი გააღო. ამ დღის შემდეგ ძაღლს ყველგან ეძებენ.
მიკის მზრუნველი ამბობს, რომ “ფეისბუკზე” ერთი ადამიანის პოსტებიც ნახა, სადაც, სავარაუდოდ, მისი ძაღლის ფოტოებიც იყო გამოქვეყნებული. თუმცა პოსტის ავტორმა ის დაბლოკა. ლალი ნოზაძე ვარაუდობს, რომ რადგან მიკი სახლში გაზრდილი ძაღლია, დიდი ალბათობით, ვიღაცამ აიყვანა და უკან დაბრუნებას არ აპირებს.
ძაღლის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში ლალი ნოზაძის ქმარმა, ჯემალ ნოზაძემ განცხადება გაავრცელა. ლალი ნოზაძე ამბობს, რომ მისი ქმარი ძაღლის გაუჩინარებას განსაკუთრებით განიცდის. ამ განცხადებაში ჯემალი მპოვნელს 2 ადამიანის პენსიას, სოკოს მწნილს და თუთის არაყს ჰპირდება.
“ერთს გეტყვი ორი ადამიანის ცრემლებით გაჟღენთილი ძაღლი, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია და ბოლომდე სიკეთით რომ გამოგადგეთ არა მგონია. გახსოვდეს, რომ უფლის ურემი ნელა, მაგრამ მაინც მოძრაობს.
ძაღლის დაბრუნების შემთხვევაში ორ პენსიას, 10 ლიტრ შესანიშნავ თუთის არაყს, ორ ქილა სოკოს მწნილს და აუარება ლოცვა-კურთხევას მოგიძღვნით, სუფთა გულით. პატივისცემით, ჯემალ ნოზაძე.“
ლალი ნოზაძე ამბობს, რომ განცხადების შემდეგ ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია.
თუ მიკის მსგავსი ძაღლი ქუჩაში შეგხვედრიათ, შეგიძლიათ ლალი ნოზაძეს პირად “ფეისბუკზე” მისწეროთ.