ბიზნესმენი თემურ ჭყონია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი პროფესიონალები გარანტორები არიან, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მიმართულებით სურათი შეიცვლება.
საკითხზე ჭყონიამ გადაცემაში „ანალიტიკა“ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რესურსები და ინტელექტი, რომლითაც დღეს ქვეყანა იმართება, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის არასაკმარისია.
„დღეს ჩვენი ეკონომიკური გუნდი მართავს ადგილობრივ რესურსებს ადგილობრივი ინტელექტით, შესაძლებლობებითა და ფინანსებით. დამტკიცდა, რომ ეს ეკონომიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და განვითარებისთვის, საკმარისი არ არის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მსოფლიოში არის თანხები, რომლის მოძიებაც დამოკიდებულია ისეთ პროფესიონალებზე, როგორიც ახლა ვაზილ ჰუდაკია. საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად არაჩვეულებრივი პიროვნებაა ნაპოვნი“, – განაცხადა ჭყონიამ “ანალიტიკაში”. მისივე თქმით, პრემიერის ახალ მრჩეველს რჩევები არ სჭირდება, რადგან ქართველებმა ახლა მის რჩევებს უნდა მივდიოთ და დავუჯეროთ.
შეგახსენებთ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში პრემერ მინისტრის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშა.