“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავას საქმეზე სასასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფაქტი არ გაკვირვებია. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ ახალი საქმეები გაცოცხლდეს.
“13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება” – გიგი უგულავა
როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მილევად პროცესშია და მისი მმართველობა მალე დასრულდება:
“ეს პოლიტიკური საქმეები არც დასრულდება, ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და ივანიშვილის რეჟიმი არ წავა. 9 წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მუდმივად ვუყურებთ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიამფლობელები, მედიამენეჯერები და ეს პროცესი არ ჩერდება.
ივანიშვილის სტილი არის, რომ ასე ხელში ეჭიროს მართლმსაჯულება და ამის მიხედვით მართოს პოლიტიკური პროცესები. ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს. ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მილევად პროცესში და მისი მმართველობა მალე დასრულდება.” – თქვა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას მორიგი პროცესი სასამართლოში 13 მაისს ჩაუნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უგულავამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოსტის, საბა გავაშელიშვილის ცემის ფაქტს ეხება.