LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლისთვის ინტერნეტი დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი: ირაკლი ღარიბაშვილი

56
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წლისთვის ინტერნეტი დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ოუფენ ნეტის“ პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. 2025 წლისათვის პროექტი დაახლოებით 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს.

„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი პროგრამებითა და სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”.

პროექტი, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება, ჩვენს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, მე ვიტყოდი, არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვისაც, განავითარონ საკუთარი ბიზნესი. მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g