LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ქართული ფოლკლორით გაფორმდება

91
188108490-3944247438958542-523298380354820914-n

19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის FITUR -ში მიიღებს მონაწილეობას.

კოვიდ პანდემიის და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში, მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

გამოფენას ესპანეთის მეფე-დედოფალი გახსნის. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდება.

გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით იქნება შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საინფორმაციო ბანერები განთავსდება ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც.

საქართველო მონაწილეობს ონლაინ გამოფენაშიც, რომელიც „FITUR“-ის ფარგლებში, 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინსტაგრამის, ფეისბუქის, ლინკდინისა და ტვიტერის გამოყენებით სოციალურ მედია კამპანიას მოაწყობს. საქართველოს შესახებ ონლაინ რეჟიმში გაიმართება პრეზენტაცია, რაც გამოფენის მსვლელობისას სოციალური ქსელებითა და მედია პლატფორმებით გავრცელდება. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 050 მონაწილე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 089 ვიზიტორი ეწვია. გამოფენას საერთაშორისო მედიის 7,500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g