LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმცირესი დეტალიც კი შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს” – სპეციალისტები მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინების გამოყენებაზე

251

საქართველოში 29,222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა – ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს.

„შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და, შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს,“ – ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

გარდა ამისა, მითითებულია, რომ გამოვლენილია გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მართვის პრობლემები, კერძოდ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე.

„ჯერჯერობით არ ვიცი, რა პრეპარატზეა საუბარი, აქ საუბარი არ იქნება პრეპარატის ვადაგასულობაზე, ალბათ, რაღაც სხვა ნიუანსია. ვადაგასულ პრეპარატს ჩვენ ვერც მივიღებდით, ყველა პრეპარატს მოჰყვება თავისი ვარგისიანობის თარიღი. ვაქცინება წარმოებაში ყოველთვის განიცდიან ევოლუციას, რაღაც ეტაპზე ვაქცინა ახალი ვაქცინით იცვლება იმიტომ, რომ მისი ფორმულა  უფრო დაიხვეწოს. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ვაქცინის ჩამოყალიბება ხდება, შეიძლება, ძველი ვაქცინა პარტიიდან უნდა ამოეღოთ. შეიძლება ვაქცინის ეტიკეტში რაღაც ნიუანსია, ან ვაქცინის წარმოებაში, ან მის განვითარებაში. შემდეგ უკვე, როცა დავრწმუნდებით, რა პრობლემა იყო იმ ვაქცინაში, შესაძლებელი იქნება, ზუსტად ვთქვათ, რა გვერდითი ეფექტი ექნება ამ ვაქცინას,“ – აღნიშნა პედიატრმა და იმუნიზაციის მომსახურების ხელმძღვანელმა, რიტა ფაჩუაშვილმა.

 

ჯანდაცვის მეცნიერებათა დოქტორის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის, სერგო ჩიხლაძის, თქმით, გამოძიებას წინ არ უნდა გავუსწროთ, რადგან ჯერ კიდევ დასადგენია ამ პრეპარატების დასახელება და ის წუნი, რის გამოც ვაქცინა მოხმარებიდან უნდა ამოეღოთ.

„ყურადსაღებია ორი მომენტი: ერთი ის, რომ ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირების მენეჯმენტის პრობლემა სერიოზულად დგას საქართველოში და, სამწუხაროდ, საქმე უკეთესობისკენ არ მიდის, ამ სფეროში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სერიოზული გარღვევაა, მენეჯერული უნარების დეფიციტია. მეორე ფაქტორი ის არის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ ვაქცინებიდან რაც დარჩა კი ამოიღებენ, არ გამოიყენებენ, მაგრამ ისიც კი არ ვიცით, კონკრეტულად რა ვაქცინაზეა საუბარი. ეს არ არის ძალიან იოლად სალაპარაკო თემა, ამაზე სერიოზული გამოძიება უნდა გაიმართოს, რატომ მოხდა ეს გადაცდომა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აცრები გაუკეთდათ. იმედს ვიტოვებ, რომ არ ექნება დიდი ზიანისშემცველი მოქმედება, თუმცა უმცირესი დეტალიც კი ძალიან კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტულ შემთხვევებში. ვაქცინაციას რისკები ისედაც ახლავს, განსაკუთრების ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვებში,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.

იმნაძის თქმით, ვაქცინაზე, რომელზეც აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს, 2015 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი. მისივე განმარტებით, კონკრეტულად, საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლის გამოყენებითაც არც ერთ ადამიანს არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია.

„საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა,“ – განაცხადა იმნაძემ.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა.

გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 2016-2017 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში ორივე წელს, მთლიანობაში, 32 მილიონი ლარია დახარჯული.

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g