რა გავლენა აქვს დიდ ჰიდროელექტროსადგურებს და რამდენად საჭიროა ახალი პროექტები საქართველოს ენერგო სისტემისთვის.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა ისაუბრა.
„თეორიულად ითვლება, რომ საქართველოს ჰიდროპოტენციალი არის 40 ტერავატ საათის მოცულობის, აქედან, დაახლოებით 8,5-9 გვაქვს ათვისებული, რაც არის 20-25%.
შესაბამისად, ასათვისებელი რესურსი უამრავი გვაქვს.
დღეის მდგომარეობით ჩვენ ვართ ელექტროენერგეტიკაში იმპორტდამოკიდებული დაახლოებით 26%-ით. საიდანაც 12% არის უშუალოდ ელექტროენერგიის იმპორტი და დანარჩენი არის თბოსადგურის გამომუშავება, რომელიც აგრეთვე იმპორტირებულ გაზზე მუშაობს.
და აი ამ იმპორტირებული რესურსის ჩანაცვლება რომ მოხდეს ადგილობრივი წყაროებით, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, უბრალოდ ამისთვის გენერაციის განვითარების სწრაფი ტემპია საჭირო.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, გრძელვადიან პერიოდში 10 წლის ჭრილში კვლავ 5%-იანი ზრდა გაგრძელდება.
თუ ადგილობრივი გენერაცია არ დაეწია და დავრჩებით იმპორტდამოკიდებული, ხარჯი გასროლილია დოლარში, რომელიც არის მზარდი.
დღეს საშუალო შეწონილი ღირებულება ელექტროენერგიის არის როგორც ძველი ასევე ახალი სადგურების საშუალო შეწონილი და იმპორტის საშუალო შეწონილი.
რაც უფრო გაიზრდება იმპორტის წილი, მით უფრო გაიზრდება ელექტრო ენერგიის საბაზრო ღირებულება.
წელს რომ გაიზარდა ფასი დიდწილად სწორედ ამიტომ გაიზარდა, 2021 წლიდან ბევრად მომატებული ტარიფია, სადღაც 20%-ით გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფი და 70%-ით კომერციული სექტორისთვის.
ეს ზრდა კი დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ თვითონ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება თუ ადრე იყო სადღაც 8-9 თეთრი, ავიდა 17-18 თეთრზე.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე შეამცირებს თუ არა ჰესების არსებობა ელექტროენერგიის ტარიფს გარკვეულწილად მაინც, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები ელექტროენერგიაზე შემცირდება.
„შეიძლება პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ჰესებმაც მოითხოვონ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ანუ ჰქონდეთ ისეთივე ტარიფი, როგორიც იმპორტის ღირებულებაა, თუმცა განსხვავებით იმპორტისგან მათი ხელშეკრულება არის ამოწურვადი.”-განაცხადა ანალიტიკოსმა.
მარიამ ჩახვაშვილმა ასევე ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ სარგებელს, რასაც პროექტი საქართველოს ენერგეტიკული მიმართულებით მოუტანს.
„ეს არის ე.წ რეგულირებული სადგური, ანუ მას აქვს საშუალება, რომ დააგროვოს წყალი და როდესაც დაგვჭირდება მაშინ გამოიმუშაოს.
ასეთი საშუალება სხვა სადგურებს არ აქვთ.
მას ასევე მოიხსენიებენ ტერმინით “პიკური ელექტროსადგური”, რაც ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ შეუძლია ღამის საათებში დააგროვოს წყალი და როდესაც ელექტროენერგიის მოხმარების პიკია მაშინ გამოიმუშაოს.
ეს ძალიან ეხმარება სისტემას იმისთვის, რომ მოხმარება/მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი დააბალანსოს.
მოდინებაზე არსებულ სადგურებს ქარის და მზის სადგურებს არ აქვთ ასეთი ლავირების საშუალება, როცა აქვთ რესურსი მხოლოდ მაშინ გამოიმუშავებენ.
ეს შეუძლია ნამახვანჰესს იმის გამო, რომ ექნება რეზერვუარი.
აუცილებლად მინდა გაუსვა ხაზი იმას, რომ ქარი და მზე არის ცვლადი ენერგიის წყარო და ეს რესურსები ვერ შევა სისტემაში, სისტემა მას ვერ მიიღებს თუ არ იქნება ისეთი ტიპის სადგურები, როგორიც არის ნამახვანი, რომელსაც შეუძლია ქარის და მზის მერყეობით გადაფარვა თავისი რეგულირების საშუალებით.
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც მაღალი ქარია ამ დროს ნამახვანი შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებს, და როცა შედარებით დაბალი ქარი გვაქვს მაგ დროს გამოიმუშავებს მეტს, რომ ჯამში ამ ორმა სადგურმა მოგვცეს სტაბილური გენერაცია და სტაბილური მოხმარება დაკმაყოფილდეს.”-განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა “ბიზნესკურიერის” ეთერში.