LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი პირობებით ნამახვანჰესის პროექტს არ გავაგრძელებთ: ღარიბაშვილი

33
1

“ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მას დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით დახვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმის თქმით, იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის წარმოდგენილი, ეს პროექტი არ გაგრძელდება:

“ნამახვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ.

ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის.” – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები 4 ძირითად მოთხოვნაზე საუბრობენ:

➤ გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ენკა რინიუებლზს” შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს;

➤ გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

➤ გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

➤ თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს ამ ჩამონათვალს დაემატა, არის მორატორიუმის გამოცხადება მთელს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით, ასევე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g