საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვის პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის.
ფონდის ინფორმაციით, ამერიკაში შეკვეთილი წარმოების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დანადგარები საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა.ქარხნისთვის უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკური მოწყობილობა, 2 ავტოკლავი (ყველაზე მნიშვნელოვანი და გაბარიტული ნაწილი, რომელიც პროგრამული მართვის ჩარხებზე დეტალების დამუშავებაზე აგებს პასუხს) Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს.
თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია.
კომპანიაში დღეისთვის 60-მდე თანამშრომელია დასაქმებული. 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ზე მეტს მიაღწევს, ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადება ისრაელსა და საქართველოში წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.