LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა

48
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.

“აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 483 მილიონი ევროს დახმარების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

„დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა.მე მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება. მადლობა საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ელჩს, რომლის უშუალო ჩართულობით ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობას და თანამშრომლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g