საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც მან ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მოგვიანებით რიკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა.
ინფორმაციისთვის: გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას ითვალისწინებს.
პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა დიდი გრანტი ორჯერ გამოიყო.
მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის უზრუნველსაყოფად კვლევითმა ცენტრმა მოამზადა პროექტი, რომელიც მიზნად ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციას და გამაგრებას ისახავს.
2019 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება – $100 000 პროექტის პირველი ეტაპისთვის, რომელიც მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინურ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას ითვალისწინებდა. აღნიშნული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.
2020 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო 506 000 აშშ დოლარი მისი მეორე ეტაპისთვის, რომელიც მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. ეს ეტაპი 30 თვეს მოიცავს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).
საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა არსებული პროგრესირებადი საფრთხეები უნდა აღმოფხვრას და შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა უზრუნველყოს.
მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება.
შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტით ჯერ საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა.