პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფის წევრი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა.
ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება.
“სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან.
„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კითხვაზე, სწორად მიაჩნია თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძე ასე პასუხობს:
„ეს უკვე სხვისი საქციელია და ამის შეფასებას არ დავიწყებ. ორი რამის თქმა შემიძლია – დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა, მეორე – ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მავნებლობა”. – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.