იმისათვის, რომ ყოველი ლხინის მეორე დღე მშვიდად და ბედნიერად გაგითენდეთ და თავს უხერხული სიტუაციები არ დაგატყდეთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ. როგორც ვიცით, ნაბახუსევზე ხილის წვენი საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ხილის შაქარს (ფრუქტოზას), რომელსაც ორგანიზმიდან ჭარბი ალკოჰოლის გამოდევნა შეუძლია. ამიტომ, დიდი ჭიქით ახალგაწურული ფორთოხლის წვენი შესანიშნავი საშუალებაა, რომ თავი გაცილებით უკეთ იგრძნოთ. ისევე, როგორც ახალი წვენი, თაფლიც ბევრ ფრუქტოზას შეიცავს. გახსენით 1-2 ჩაის კოვზი თაფლი თბილ წყალში ან უშაქრო ჩაი მიაყოლეთ. აგრეთვე, საუკეთესო გამოსავალია არომატული წვნიანი ან ბულიონი, რომელიც წამალივით შეგერგებათ. იგი დაამშვიდებს ორგანიზმს და მიაწვდის მას ვიტამინებს, მინერალებსა და ნახშირწყლებს.
ჭარბ ალკოჰოლს ვიტამინების დეფიციტი მოჰყვება. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ B – ჯგუფის ვიტამინების მიღება ნასვამი ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე კარგად მოქმედებს. ექიმთა განმარტებით ნაბახუსევზე ამინომჟავები აუცილებელი საშენი მასალაა კუნთებისა და სახსრებისთვის, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ორგანიზმში ამინომჟავების ნაკლებობას იწვევს. დანაკლისის ასანაზღაურებლად კი ცოტაოდენი ნახშირწყლების ან ამინომჟავების კაფსულების მიღება შეიძლება. აქვე გვირჩევენ ასპირინსაც, რომელიც აყუჩებს თავის ტკივილს. თუმცა ტკივილგამაყუჩებელი ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ, რომ მისი გამოყენება მავნე ჩვევად არ იქცეს.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ ალკოჰოლი ორგანიზმს წყალს ართმევს. ამიტომ, დღესასწაულის მეორე დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის აღსადგენად მეტი წყლის დალევა, განსაკუთრებით კი ძილის წინ. წყალთან ერთად უპირატესობა ორ ფინჯან ყავასაც ენიჭება, რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს და ნასვამ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, მაინც ეცადეთ, რომ ზედმეტი რაოდენობა არ მიიღოთ და აქაც დოზები დაიცავით.
და ბოლოს, კიდევ ერთ სასარგებლო რჩევას მოგაწვდით: მშიერ კუჭზე ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს. როგორც ცნობილია საკვები ალკოჰოლის სისხლში შეწოვას ამუხრუჭებს და გამართული სიარულის უნარს უფრო დიდხანს გინარჩუნებთ.
