ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით განაცხადა.
“თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ცერცვაძის თქმითვე, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც.
„მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში.
მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.