“მე ვერ გავიაზიარებ იმას, რომ ბავშვებს სანქციები დავაკისროთ 14 წლამდე, მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმები, იგივე რაც დასავლურ ქვეყნებშია ძალიან კარგად აპრობირებული პრევენციის კუთხით,”- ეს განცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტი არასრულწლოვანთა კოდექსის საკითხზე მუშაობს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხერხდეს და ოჯახებს სახელმწიფომ საჭირო სერვისები მიაწოდოს. სოფიო კილაძე ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მისი გათვალისწინებით შესაძლებელია შეიქმნას ქართული მოდელიც.
“მე არ მგონია, რომ ბავშვების დასჯა 14 წლამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა იყოს გამართლებული გზა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი შემთხვევები, პირიქით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შემთხვევების პრევენცია და შესთავაზოს ოჯახს და ბავშვს სერვისები, როცა ბავშვი არასწორ გზაზეა დაყენებული,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.
“ფორტუნა” დაინტერესდა რას გეგმავს სახელმწიფო არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის. დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამ დონეზე ხორციელდება. პირველადი დონის სამიზნე ჯგუფი ყველა ბავშვია და აქ პრევენციის განხორციელების პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო და სოციალურმა სისტემებმა უნდა იტვირთონ; მეორე დონეზე მუშაობა უშუალოდ რისკ-ჯგუფებთან მიმდინარეობს – ბავშვებთან, რომელბიც ანტისოციალურ ქცევას ავლენენ; მესამე დონის პრევენცია კი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი გამეორების საფრთხის თავიდან აცილებას გულისხმობს. ბავშვთა საკითხებზე ზრუნვა სამ უწყებას – განათლების სამინისტროს, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურს ევალება, თუმცა, ჯერჯერობით პრობლემაზე მხოლოდ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მსჯელობენ. აღნიშნულ საკითხზე ფორტუნა სოფიო კილაძეს ესაუბრა.
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემაზე მსჯელობა ამ ეტაპზე, ძირითადად, ორ უწყებაში შინაგან საქმეთა და განათლების და მეცნიერების სამინისტროებში მიმდინარეობს. ხომ არ არის საჭირო ამ კუთხით უზრუნველყოფილი იყოს სოციალური სამსახურის ჩართულობაც?
სოფიო კილაძე: სოციალური სამსახურის პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა. ბავშვის და ოჯახის სოციალური მუშაკი, როგორც ცალკე მიმართულება, ასე გვაქვს გამოყოფილი და ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანია.
- თუმცა, სოციალური სამსახურს ამ ეტაპზე ძალიან მწირი რესურსი აქვს. პრობლემაა ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების რიცხვის სიმცირე, მათი დაბალი ანაზღაურება. ამ კუთხით ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა?
სოფიო კილაძე: კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ ამ ცვლილებებს. გაქვს გეგმა, რომელიც გაწერილია რამდენიმე წელზე და მის შესაბამისად უნდა გაიზარდოს სოციალური მუშკების რაოდეობა, მათი ხარისხიც.
- რა ეტაპზეა ახლა ეს პროექტი?
სოფიო კილაძე: პროექტი უკვე მზად არის. ახლა ვმუშაობთ დეტალებზე სოციალურ მუშკებთან, ბენეფიციარებთან ერთად, რომ მაქსიმალურად ყველას შენიშვნა და არგუმენტაცია იყოს გათვალისწინებული. ახალი კანონია დაწერილი და მის საფუძველზე ვადგენთ გეგმას, როგორი უნდა იყოს ეს პროცესი და როგორ უნდა განხორციელდეს.
- რამდენიმე დეტალს ხომ ვერ გვეტყვით იმ ცვლილებებიდან, რაც იგეგმება?
სოფიო კილაძე: ძირითადი არის ის, რომ ინსტიტუციური რეფორმა ხორციელდება. კანონი დაიწერა და ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი სოციალური მუშაობისთვის. როგორც გითხარით იგეგმება სოციალური მუშაკების, ასევე ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა და ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად მეტი ჭკვიანი, ახალგაზრდა მოვიზიდოთ სოციალური მუშაკის პროფესიაში, ეს პროფესია იყოს დაფასებული, ფინანსურად და სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფილი, რომ რაც შეიძლება მეტ კარგ ადამიანს მოუნდეს გახდეს სოციალური მუშაკი.
- როდის უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებს?
სოფიო კილაძე: ამ საგაზაფხულო სესიისთვის.
ბავშვთა საკითხებზე საუბარი სახელმწიფომ 2017 წლის მიწურულს 51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, რომელსაც კიდევ რამდენიმე ასეთი ფაქტი დაერთო, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმოადგინა.
თაკო ივანიაძე