LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმი – რჩევები სტოკჰოლმში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

6185
სტოკჰოლმი

სტოკჰოლმი – შვედეთის დედაქალაქი თვალწარმტაცი, „ჩრდილოეთის სილამაზის“ ქალაქია. როგორც ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი, მრავალი ღირსშესანიშნაობისა და ღირსეული მუზეუმების გარდა, ის თავს იწონებს კაფე-რესტორნებითა და გემრიელი კერძებით, შვედი დიზაინერების მაღაზიებით, ასევე მრავალფეროვანი სასტუმროებითა და მდიდარი ღამის ცხოვრებით.

ქალაქი 700 წელზე მეტია წარმოიქმნა, დღეისათვის კი ის 14 კუნძულზეა გადაჭიმული ცივ ბალტიის ზღვაში და ერთმანეთთან 57 ხიდითაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ღირსშესანიშნაობამდე ფეხით უპრობლემოდ მიხვალთ.

 

სტოკჰოლმის რაიონები

ქალაქი აგებულია 14 კუნძულზე. ერთის მხრივ ტბა მელარენი აკრავს, მეორედან – ბალტიის ზღვა. ე.წ. „სტოკჰოლმის არქიპელაგში“ 24 ათასზე მეტი კუნძული ან უბრალოდ კლდეები შედის.

უშუალოდ ცენტრში მდებარეობს გამლა-სტანი (ძველი ქალაქი) და რიდარჰოლმენი (რაინდების კუნძული) – ორი უმსხვილესი და კარგად შემონახული შუასაუკუნეების ცენტრი (მე-13 ს).

სტოკჰოლმში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხმაურიან სიტის, შეუკავებელი მხიარულების სტურეპლანს ან მდიდრულ ოსტერმალმეს. სწორედ აქ არის მსხვილი უნივერმაღები, სასტუმროები, ბუტიკები, შოუ-რუმები, რესტორნები, ღამის კლუბები და გალერეები.

 

ტრანსპორტი

კომპანია Storstockholms Lokaltrafik (SL) პასუხს აგებს ავტობუსების, მეტროს, ტრამვაის, საგარეუბნო მატარებლების და ზოგიერთი საბორნე გადასასვლელის მოძრაობაზე. სატრანსპორტო სისტემა დაყოფილია სამ ზონად და მოქმედებს საერთო სამგზავრო ბილეთები. გამონაკლისია აეროპორტის და რამდენიმე სპეციალური ხაზის ავტობუსი. მგზავრობის ღირებულებას კუპონებით იხდით. ერთი სატრანსპორტო ზონის გადასაადგილებლად 2 კუპონია საჭირო, ორი ზონის გადასაკვეთათ – 3, სამისას – 4.

ავტობუსის მძღოლები ბილეთს არ ყიდიან.
ყველაზე მოსახერხებელია კუპონების დასტა pre-paid card იყიდოთ ან ბარათი, რომელიც ყველა ზონაში მოქმედებს 1 (100 SEK), 3 (200 SEK) ან 7 (260 SEK) დღის განმავლობაში.

ავტობუსი

სტოკჰოლმის ავტობუსის ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატოტვლილია (450 მარშრუტი). მკაცრად განსაზღვრული განრიგით დადიან. რამდენიმე მარშრუტი მხოლოდ პარასკევს ან პიკის საათებში მუშაობს. სამუშაო დღეებში ინტერვალი 10-15 წუთს არ აღემატება, პიკის დროს – 5-10 წუთს.

მეტრო

სტოკჰოლმის მეტრო ნამდვილი მიწისქვეშა მუზეუმია, რომლის სიგრძე 110 კმ-ია. შედევრების რაოდენობა აქ იმდენია, რომ მათი ნახვა დამოუკიდებლად სირთულეს წარმოადგენს. შეგიძლიათ ექსკურსია შეუკვეთოთ გიდთან ერთად.

სტოკჰოლმის ცენტრალური სადგური (შვედ. Stockholms centralstation) შვედეთის უმსხვილესი სადგური 1871 წელს გაიხსნა. ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას მგზავრს ემსახურება

 

 

SEK     10 შვედური კრონი 2.4247 ლარი

 

შოპინგი

მართალია სტოკჰოლმი ევროპის ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია, აქ ყოველწლიურად ათასობით შოპოჰოლიკი ჩადის. თუ მიზნად დაისახავთ, აქაც იპოვით ხარისხიან და არც თუ ძვირ საქონელს. დემოკრატიულ მაღაზიები უნდა ეძებოთ სედერმალმესა და სიტის რაიონებში.

ზამთრის (დეკემბრის ბოლო-თებერვლის შუამდე) და ზაფხულის (ივლისის შუა-აგვისტოს ბოლო) ფასდაკლებების დღეებში ფასები 30-70%-ით ვარდება. სხვა დროს ჯობია Outlet I Barkarby-ში წახვიდეთ.

ესტერმალმეს რაიონშია ყველაზე ცნობილი მარკები. ასევე ბაზარი, სადაც აღმოაჩენთ შესანიშნავ ყველს, ძეხვეულს, ზღვის პროდუქტებს, ხილ-ბოსტნეულს, თუმცა იაფი არცერთი არ ღირს. შედარებით ეკონომიურად სუპერმარკეტებში გამოხვალთ.

სუვენირების მაღაზიები და დახლები ქალაქში ბლომადაა. ყველაზე მეტი წვრილმანი Drottninggatan ქუჩაზეა თავმოყრილი. თუმცა მართლაც რომ ორიგინალური სუვენირებისთვის ჯობს ე.წ. რწყილის ბაზრობაზე წასვლა.

 

რა გავსინჯოთ

უცხო კულტურასთან და მენტალიტეტთან გაცნობა წარმოუდგენელია ადგილობრივი კერძების დეგუსტაციის გარეშე. ეს სრულად ეხება სკანდინავიელ ხალხს, რომელთა სამზარეულო გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებულია.

სტოკჰოლმის რესტორნებისა და შვედების ყოველდღიურ რაციონში აუცილებელია თევზი. აქ უყვართ და იციან მომზადება. ქაშაყი, სალაკა, ორაგული და ვირთევზა – მოშუშვა, დამარინადება, შეწვა – მოკლედ ყველანაირად ამზადებენ და სხვადასხვა სოუსებით მიაქვთ. განსაკუთრებით საინტერესოა gravlax (ორაგულის მარინადი) და lutefisk (შებოლილი საიდა, რომელიც დალბობილი და თუთქიანია).

ხორციანი კერძებიდან უნდა დააგემოვნოთ ირმის ხორცის დელიკატესები. რა თქმა უნდა, საქონლის და ღორის ხორცსაც მშვენივრად ამზადებენ.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

სტოკჰოლმის ცენტრში და მის სიახლოვეს მრავალი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა. კარგი იქნება მარშრუტის ზედმიწევნით კარგად დაგეგმვა, რათა რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ადგილი მოინახულოთ. მარტო მუზეუმ „ვასაში“ შეიძლება საათობით ხეტიალი, ხოლო „სკანსენეში“ მთელ დღესაც დაყოფთ.

ძველ ქალაქ გამლა-სტანში სამეფო სასახლე მდებარეობს. ასევე ლამაზი ეკლესიები, თვალწარმტაცი პატარა ქუჩები, მაღაზიები, რესტორნები. სასახლეს გვერდს უმშვენებს საჭურვლის პალატა და საგანძური. ტურისტებს იზიდავს ყოველდღიური ყარაულის გამოცვლა – მაგარი სანახაობაა. გარდა ამისა, ქალაქის ამ ნაწილშია ნობელის მუზეუმი და რაინდების სახლი.

მე-18-20 საუკუნეების ძველი საინტერესო სახლები შეგიძლიათ ნახოთ ნორმალმეს რაიონში და სიოდერმალმესა და კუნგსჰოლმენის კუნძულებზე.

შეპსჰოლმენის კუნძული ცნობილია მუზეუმებით: აქ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მე-20 საუკუნის საუკეთესო კოლექციით, ასევე არქიტექტურის მუზეუმი (ამავე შენობაშია). შეგიძლიათ ეწვიოთ აღმოსავლეთ აზიის მუზეუმს. იქვე მდებარე კუნძულ ბლასიეჰოლმენში გახლავთ ეროვნული მუზეუმი სკანდინავიური და ევროპული ფერწერის პირველი კლასის კოლექციით. აქვე ნახავთ შვედური დიზაინის გამოფენას.

სტოკჰოლმში მოიძებნება სხვა ბევრი ძალიან კარგი და საინტერესო მუზეუმი: სახვითი ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი; ქალაქის მუზეუმი; შუასაუკუნეების მუზეუმისაბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი.

შვედეთი აბა როგორ იქნება ABBA-ს გარეშე. თუ Mamma Mia, Dancing Queen და Take A Chance On Me – თქვენთვის სულერთი არ არის, მაშინ ფეხი თავად მიგიყვანთ ლეგენდარული ოთხეულის მუზეუმში. აქ შეგიძლიათ თავადაც შეასრულოთ საყვარელი ჰიტები, იცეკვოთ, მოირგოთ კუმირების კოსტუმები.

კუნძული სამეფო იურგორდენი დროის გასატარებლადაა. აქ მდებარეობს ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ სკანსენი შვედეთის ისტორიის მინიატურებით. საინტერესოა მუზეუმი „ვასა“ თავისი სამეფო სამხედრო გემით და ბევრისთვის საყვარელი მუზეუმი „იუნიბაკენი“ – ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების სამყარო.

დიდი ხანი არ არის, რაც დედაქალაქში გაიხსნა პანორამული მოედანი, რომელიც გიგანტურ სფეროსებრ ნაგებობაში მდებარეობს (დახურული სპორტულ-გასართობი კომპლექსი). ატრაქციონ SkyView-სტურისტები აჰყავს ყველაზე მაღალ წერტილზე (130 მ) შუშის გონდოლათი. ასვლას 20 წუთი სჭირდება, გონდოლაში კი 16 ადამიანი ეტევა. მეტროსადგურ Globen-ის სიახლოვესაა.

იურგორდენი (შვედ. Djurgården) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც მხეცების ადგილები. მსხვილი კუნძულია, მთავარი სარეკრეაციო და გასართობი ზონაა. წელიწადში 10 მლნ დამთვალიერებელი დადის

 

ახლო-მახლო

სტოკჰოლმის სიახლოვეს სამი ლამაზი ადგილია, რომლებიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს გახლავთ სასაფლაო სკუგსჩურკუგორდენი მოდერნისტული ლანდშაფტური არქიტექტურით; შვედეთის სამეფო ოჯახის საცხოვრებელი ადგილი დროტნინგჰოლმის სასახლე და სასახლე-თეატრი „ჩრდილოეთის ვერსალი“. ერთდღიანი მოგზაურობისთვის სამეფო სასახლე აირჩიეთ. მშვენიერი ადგილია მზეს შეეფიცხოთ. ისეირნებთ სამეფო პარკში, მოაწყობთ პიკნიკს, შეისვენებთ ჩინეთის პავილიონთან; ასევე ვიკინგების ძველი ქალაქი ბირკა კუნძულ ბიორკიოზე.
ასევე აღსანიშნავია ლიდინგეის კუნძულზე მდებარე მილესგორდენის პარკი და მუზეუმი.

 

7 რამ რაც სტოკჰოლმში უნდა გააკეთოთ

ხელით შეეხოთ „ბიჭუნა, რომელიც მთვარეს შესცქერის“, რათა კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ ამ ზღაპრულ ქალაქში;

თხოვოთ მოგიკიდოთ შვედ პოეტს ნილს ფერლინს, უფრო სწორედ მის ბრინჯაოს ქანდაკებას კლარაბერგსგატანის ქუჩაზე;

გაისეირნოთ სტოკჰოლმის ყველაზე ვიწრო ქუჩაზე – მორტენ ტროტზიგის შესახვევში;

მოძებნოთ კარლსონის სახლი;

გამოიკვლიოთ სტოკჰოლმის მეტრო და მოძებნოთ ყველაზე ლამაზი სადგურები;

დატკბეთ ქალაქით წყლიდან;

გემო გაუსინჯოთ შემწვარ ქაშაყს ან შებოლილ ორაგულს.

 

 

რა ვნახოთ და რა ვაკეთოთ სტოკჰოლმში უფასოდ

 

გაემართეთ უფასო ექსკურსიაზე

ყოველ პარასკევს, 11:30 სთ-ზე შეგიძლიათ შეუერთდეთ ექსკურსია Stockholm Free Tours-ს, რომელიც იწყება მეტრო T-Centralen-თან. გიდებად სტუდენტები მუშაობენ და ბევრ კარგ რჩევასაც მიიღებთ.

ვარჯიში სუფთა ჰაერზე

მთელ სტოკჰოლმში მიმოფანტულია სპორტდარბაზები პირდაპირ სუფთა ჰაერზე. მათ utegym უწოდებენ და შეგიძლიათ დილიდანვე მშვენიერი ფორმაში და განწყობაზე იყოთ.

უფასო მუზეუმები

კუნძულ შეპსჰოლმენის სამ მუზეუმში უფასოდ მოხვდებით, თანაც ნებისმიერ დღეს.

აზიურ ხელოვნებას აღმოსავლეთ აზიის მუზეუმში გაეცნობით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სხვა შედევრებთან ერთად პიკასოს და დალისაც ნახავთ. რამდენიმე ნაბიჯზეა არტ-მარათონი: აქ მდებარეობს არქიტექტურისა და დიზაინის ცენტრი.

ჩრდილოეთის ქვეყნების მუზეუმი (კუნძულ იურგორდენზე) ყოველ ოთხშაბათს, ოქტომბრიდან მაისამდე, 5-დან 8 საათამდე უფასოა.

მუსიკალური რადიო-შოუ

შეიგრძენით ადგილობრივი კოლორიტი და დაიკავეთ ადგილი Musikplats Stockholm-ზე – ეს არის რადიოპროგრამა შვედეთის რადიოსადგურ Studio 4-ზე. თქვენ გელოდებათ თანამედროვე შემსრულებლების კონცერტი. სტუმარს კითხვას თქვენც დაუსვამთ და ზოგადად პროგრამაში მონაწილეობას თქვენც იღებთ.
დააკვირდით Musikplats-ის კალენდარს, როდის იწერება პროგრამა.

სტოკჰოლმის რიტმი

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მომავალ ცნობილ ადამიანებს Debaser-ის დაწესებულებაში შეხვდებით. ისინი ჯერ დებიუტანტები არიან, მაგრამ ვინ იცის… სანაპიროზე მდებარე Bar Brooklyn უფასო კონცერტებს აწყობს.

ოსტერმალმეს რაიონში კი ღამის კლუბები საუკეთესოა, თანაც შესვლაზე ფულს არ გამოგართმევენ. შიგნით რამდენს დახარჯავთ თქვენი საქმეა, მაგრამ მაგრადაც იცეკვებთ და კარგადაც გაერთობით.

ეს საკურას ყვავილობის ადგილია – კუნგსტრეგორდენი. 63 ხის ორი ხეივანი 1998 წელს გააშენეს. როგორც წესი, საკურა აპრილის შუიდან მაისის დაწყებამდე ყვავის და ყვავილობა დაახლოებით 10 დღე გრძელდება

კიდევ ერთხელ:

აღმოაჩინეთ მეტროს შედევრები: ტუნელბანე (ანუ მეტრო) სტოკჰოლმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი.
ცნობილია თამამი და უნიკალური დიზაინით. ამჟამად 100 სადგურზე მეტს მოიცავს და მთლიანობაში 105 კმ-ია.;

ასევე

შეხედეთ ქალაქს სედერმალმედან.

გაისეირნეთ ძველ ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g