პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას უსმენენ.
მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან მესხიშვილს ერთ-ერთი კითხვა დაუსვა “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ, რომელიც დაინტერესდა, რას მოიმოქმედებს, თუ მასზე ზეწოლის განხორციელებას შეეცდებიან და ასევე, ამ ხნის მანძილზე, ყოფილა თუ არა ირიბი ზეწოლა.
მესხიშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ხელისუფლებას სურვილიც არ გაუჩნდება, მასზე ზეწოლა მოახდინოს:
“ხელისუფლებას ჩემზე ზეწოლა რომ ნდომოდა, ამხელა ბერკეტებს არ მომცემდა. მე ვარ თავისუფალი, მუდმივად დანიშნული მოსამართლე, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას სურვილიც არ გაუჩნდება ჩემზე ზეწოლა მოახდინოს.
ირიბადაც არ ყოფილა, რადგან ყველამ იცოდა და იცოდნენ, რა პრინციპებს ეყრდნობოდა ჩემ მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ეს შეუძლია მოსამართლეს.” – თქვა მოსამართლეობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს უსმენენ.
პროცესს მონიტორინგს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლობა უწევს.
იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.