ქართული პლატფორმის, Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი საქართველოში ინვესტირების მხრივ არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ინვესტირება არავის აინტერესებს, არცერთ ამერიკელ ინვესტორს საქართველოში ინვესტირება ნომერ პირველ მიზნად არ აქვს და ტოპ სია რომ შედგეს, საქართველო ასეულს მიღმაა.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა “საქმიან დილაში” ისაუბრა და 5 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც Phubber-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ეს მოვლენები ქვეყნის ბიზნესგარემოს დიდ ზიანს აყენებს, ინვესტორებს კი აფიქრებს და აფრთხობს.
“ამერიკული ბაზარი იმდენად დიდია, რომ ისინი სხვა ქვეყნებს არ უყურებენ. დღევანდელ მოცემულობაში თუ კიდევ გვინდა ცხოვრება გავირთულოთ, მაშინ შეგვიძლია.
ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო, ძალიან მძიმე შედეგებით. შესაძლოა, ეს ჩვენ, როგორც ქვეყანამ გადავაგოროთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, მაგრამ ის შედეგები, რაც ამას ექნება, ჩვენი ქვეყნის იმიჯს, შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაჰყვეს.
დღესაც რთულია ინვესტორის დარწმუნება, რადგან, პირველ რიგში, უცხოელი ინვესტორების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, საქართველო სად არის. შემდგომ, როდესაც აუხსნი, აღქმა მოდის, რომ ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა და აქ შესაძლოა კორუფცია იყოს; შემდგომ აღიქმება, რომ აქ მოსახლეობის მცირე რაოდენობაა მცირე შემოსავლებით; აქ ფული არ იშოვება და გაუმართავი ინსტიტუტებია. ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ ინვესტიციები ისეთ ქვეყანაში და გარემოში ჩადონ, სადაც თუნდაც მათი პოზიციების დაცვა შეუძლიათ. სადაც სამართლიანობა უზრუნველყოფილი იქნება.
დამატებით, ახლა აქ განვითარებულ მოვლენებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა საფრთხისშემცველია. ეს მოვლენები ინვესტორებს აშინებთ.” – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.