რა ძირითადი სიმპტომები დომინირებს კოვიდ ინფიცირებულ ბავშვებთან, როდის საჭიროებენ ისინი ჰოსპიტალიზაციას და ინტენსიურ თერაპიას, რა ტიპის სამედიცინო დახმარება უტარდებათ მათ კლინიკებში და რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო დაცვის მექანიზმს პანდემიის დროს. როგორია დაინფიცირების რისკები ზაფხულში და რამდენად უსაფრთხოა კურორტები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის“ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, ნინო უმეკაშვილმა ისაუბრა.
-ნინო, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის. უკვე ძალიან ბევრი ითქვა სიმპტომებზე და ბევრი რეკომენდაციაც გაიცა, თუმცა მოდით, კიდევ ერთხელ გამოვყოთ ბავშვებში საგანგაშო სიმპტომები. საინტერესოა ისიც, თუ რა ასაკში იჩენს კორონავირუსი ბავშვებში თავს განსაკუთრებით მწვავე ფორმით?
ნინო უმეკაშვილი: კოვიდის სიმპტომები ფაქტობრივად ყველამ ვიცით. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ცხელება, ხველა და ადინამია, საერთო სისუსტე. ასევე შესაძლოა სახეზე იყოს მიალგია, გულისრევა, ღებინება, თავის და მუცლის ტკივილი, გამონაყარი… საშიში სიმპტომებია ძილიანობა, სუნთქვის გახშირება, ქოშინი. რაც შეეხება ასაკს, ეს არის ახალშობილებიდან 12 თვის ასაკამდე. ამ ასაკში კოვიდი მიმდინარეობს ძალიან აგრესიულად. ამ ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას გავცემდი, რადგან ეს საყურადღებო ასაკია. მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა გამოხატული სიმპტომები, მათი ჰოსპიტალიზაცია მაინც საჭიროა.
-რა არის ყველაზე კარგი დაცვითი მექანიზმი ბავშვების კოვიდისგან დასაცავად? როდესაც ვცდილობთ ბავშვები დავიცვათ კორონავირუსისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ყოველთვის არ არიან მშობლების გარემოცვაში, მათ კონტაქტი აქვთ ძიძასთან, უფროს და-ძმებთან, ბებია-ბაბუასთან… რა უნდა გავაკეთოთ მათ დასაცავად?
ნინო უმეკაშვილი: ბავშვის დასაცავად ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია იზოლირება. ასევე მნიშვნელოვანია მშობლების და სხვა ზრდასრულების ვაქცინაცია. რაც შეეხება პირბადეს, ადრე იყო რეკომენდაცია, რომ 5 წლის ზემოთ ასაკში პირბადე აუცილებელი იყო, ახლა უკვე 2 წლის ზემოთაა რეკომენდებული, თუმცა მე პირადად პირბადეს ბოლო ადგილას ვაყენებ ბავშვების შემთხვევაში, რადგან ბავშვებს უჭირთ მისი სწორად გაკეთება და მოხმარება, მით უფრო მცირეწლოვნებს.
-დღესდღეობით ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საწოლების საჭირო რაოდენობა. ეს პრობლემა შექმნა მშობლების დაჟინებულმა მოთხოვნამ ბავშვების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. შეიძლება ბავშვი იყოს 1 წლის ზემოთ ასაკის, ანუ არ იყოს რისკ-ჯგუფში, მაგრამ მშობელი ითხოვდეს მის გადაყვანას საავადმყოფოში. თქვენ რა შემთხვევაში გვირჩევთ რისკის ასაკის ზემოთ მყოფი ბავშვის ჰოსპიტალიზაციას?
ნინო უმეკაშვილი: თუ ანამნეზში არის ქრონიკული თანმხლები დაავადება, მაგალითად დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულის მანკი, თირკმლის უკმარისობა ან ნევროლოგიური პრობლემები, ასეთ დროს ბავშვის სტაციონარში გადაყვანა რეკომენდებულია. რაც შეეხებათ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება, მათი გადაყვანა შესაძლოა საჭირო გახდეს კონკრეტული სიმპტომების ფონზე. მაგალითად, თუ სახეზეა გამოხატული შეუპოვარი ცხელება, რომელიც 3 ან მეტ დღეს გრძელდება და არ ემორჩილება დამწევ საშუალებებს, როცა ბავშვს აქვს შემაწუხებელი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება, ეს სუნთქვის უკმარისობის ნიშნებია. როცა სატურაცია არის 95 ან ქვემოთ, ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა იქნას კლინიკაში გადაყვანილი.
-თქვენ რეანიმატოლოგი ბრძანდებით და აუცილებლად მინდა გკითხოთ ინტენსიური თერაპიის შესახებ. სიტყვა რეანიმაციის ადამიანებს ძალიან ეშინიათ, თუმცა ეს არ არის საშიში ადგილი, აქ პაციენტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ. როდის სჭირდება ბავშვს ინტენსიური თერაპია, რა არის შეფასების ის მარკერი, რომლის გამოც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია?
ნინო უმეკაშვილი: თუ ბავშვს აქვს სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ანუ სუნთქვის გახშირება, ქოშინი, დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა, ოქსიგენოთერაპიის საჭიროება, ის გადაგვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რადგან საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს. განსაკუთრებით ეს ეხებათ რისკ-ჯგუფში შემავალ ბავშვებს, რომელთა ასაკიც, როგორც აღვნიშნე 0-12 თვეა.
– თქვენ ბრძანეთ, რომ სატურაცია 95-ის ქვემოთ უკვე საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. რაზე მიუთითებს დაბალი სატურაცია და ზოგადად, რისი მაჩვენებელია ის?
ნინო უმეკაშვილი: სატურაცია, ეს არის სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი. თუ სატურაცია არის 95, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ერითროციტების 95%-ს გადააქვს ჟანგბადი, დანარჩენი 5% კი არ მონაწილეობს ჟანგბადის გადატანაში. სატურაციის ნიშნული 90 ან ქვემოთ უკვე ჰიპოქსიაა და ამ დროს უკვე საჭიროა ოქსიგენოთერაპია. ზოგადად, ფილტვში ხდება აირთა ცვლა და დაბალი სატურაცია ნიშნავს, რომ იქ მიმდინარეობს პათოლოგიური პროცესი, რომელსაც შემდეგ ადასტურებს კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ დროსაც აუცილებელია ინტენსიური თერაპია.
-როგორც აღნიშნეთ, თუ ცხელება არ ემორჩილება მედიკამენტებს, მესამე დღის შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ ჰოსპიტალიზაციაზე. მინდა სწორედ ცხელების მართვაზე გკითხოთ. რა ტიპის ჩარევას საჭიროებს ცხელება კოვიდის დროს, როგორ იმართება ცხელება?
ნინო უმეკაშვილი: ცხელების მართვა ხდება იგივე მედიკამენტებით, რაც ზოგადად გამოიყენება, თუმცა ამ დროს ვიყენებთ ინტრავენურ საშუალებებს, რომლებსაც კიდევ უფრო ადვილად შეუძლიათ სიცხის დაწევა.
-მინდა ვისაუბროთ ასევე ხველის შესახებ. რა თავისებურება ახასიათებს ხველას კოვიდის დროს და აქვე საინტერესოა ვთქვათ ისიც,თუ როდის შეიძლება განვითარდეს პნევმონია ბავშვებში კოვიდის ფონზე? არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ ბავშვი კოვიდის დროს პნევმონიის განვითარებისგან დავიცვათ?
ნინო უმეკაშვილი: ძირითადად, პედიატრიულ პაციენტებშიც, ისევე როგორც ზოგადად კოვიდის დროს, გვხვდება მშრალი ხველა, რომელიც საჭიროებს ინჰალაციურ თერაპიას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში პნევმონია არც ისე ხშირად გვხვდება , ამის გამო ხველა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი სიმპტომი. სამწუხაროდ, არა არსებობს არანაირი საშუალება, რომ ბავშვი კოვიდის დროს პნევმონიისგან დავიცვათ, ის ან განვითარდება ან არა.
რასაკვირველია, პნევმონიის განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებთან,რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, მაგალითად გულის თანდაყოლილი მანკი. თუმცა სრულიად ჯანმრთელი ბავშვებიც გვყავდა, ვისაც პნევმონია განუვითარდა და დასჭირდა როგორც არაინვაზიური ასევე ინვაზიური დახმარება. იყვნენ პაციენტები, რომლებსაც არ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, მაგრამ მათი ფილტვების დაზიანების ინდექსი იყო ძალიან მაღალი.
-ვისაუბროთ ანტიბიოტიკზე. ხშირად მშობლები თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვს ანტიბიოტიკი მისცენ. ვიცით,რომ თვითნებურად არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო კოვიდის დროს. რა დროს იღებთ ექიმები გადაწყვეტილებას, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვს ანტიბიოტიკი მისცეთ?
ნინო უმეკაშვილი: როცა სახეზე მხოლოდ ვირუსული ინფექციაა, ანტიბიოტიკოთერაპია არ გვჭირდება. არასაჭირო ანტიბიოტიკის გამო პაციენტს უვითარდება ანტიობიოტიკო – რეზისტენტობა. თუ მოხდა ვირუსული კოვიდ-ინფექციის ბაქტერიულით დამძიმება, თუ ბაქტერიული ინფექციის მარკერები მატულობს ანალიზში, მაშინ ვიწყებთ ანტიბიოტიკის მიცემას. აღსანიშნავია, რომ ზოგადად მოიმატა ბაქტერიული ინფექციის განვითარებამ კოვიდ-პაციენტებში. გვყავს პაციენტები, რომლებსაც კოვიდთან ერთად აქვთ საშარდე გზების, ნაწლავური ბაქტერიული ინფექციები. ეს ტენდენცია ამ ტალღის დროს უფრო შეინიშნება.
ამის მიზეზია ის, რომ ვირუსული ინფექციის გამო დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე ბაქტერიული ინფექცია უფრო იოლად ვითარდება. განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში აქაც 0-12 თვის ასაკის პაციენტები არიან.
-ნინო, საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც ანალიზები მწყობრშია, მაგრამ სიმპტომები არის შეუპოვარი? მაგალითად თუ სახეზეა შემაწუხებელი ხველა, ურჩი ცხელება. არის თუ არა ანტიბიოტიკი, რომელმაც შეიძლება ეს სიმპტომები აალაგოს იმ ფონზე, რომ ანალიზში ბაქტერიული ინფექციის მარკერები არ იყოს მომატებული?
ნინო უმეკაშვილი: ერთადერთი ასეთი ჯგუფი, სადაც შეიძლება კლინიკური სურათის დამძიმება იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ანალიზები უჩვენებს მარკერების მატებას, არის 28 დღემდე ასაკის ახალშობილები. მათთან ხდება, რომ ჯერ გამოიხატება მძიმე კლინიკური სიმპტომები და რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი ანალიზებშიც ისახება. ეს არის ერთადერთი ჯგუფი, სადაც ანტიბიოტიკის დანიშვნა ხდება იქამდე, ვიდრე ანალიზებში მარკერები მოიმატებს.
-ჰორმონოთერაპიაზეც გკითხავთ. ვიცით, რომ მოზრდილებში “დექსამეტაზონი” არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ბავშვებთან რა საშუალებები გამოიყენება და როდისაა საჭირო ჰორმონოთერაპია?
ნინო უმეკაშვილი: ჰორმონოთერაპია საჭიროა, როცა პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული, ძირითადად იმუნურ ფაზაში, როცა ვირუსი უკვე გამრავლებულია. ამ დროს ვიწყებთ ჰორმონოთერაპიას შესაბამისი დოზით.
-აქვს თუ არა ჰორმონოთერაპიას ისეთი უკუჩვენებები, რაც განსაკუთრებით საფრთხილოა?
ნინო უმეკაშვილი: რასაკვირველია, გარკვეული რისკ-ფაქტორები აქაც არსებობს, ამიტომ ჩვენების გარეშე ჰორმონოთერაპიას არ ვიწყებთ. არასაჭირო დროს იმუნოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნოსუპრესია, შესაძლოა კოვიდი გართულდეს ბაქტერიული ინფექციით, ამიტომ ჰორმონს ძალიან ფრთხილად ვიყენებთ.
-კიდევ ერთი აქტუალური კითხვა, განსაკუთრებით ახლა – ნაწლავური ინფექციები ბავშვებში – შესაძლოა თუ არა, რომ კოვიდს დაერთოს ნაწლავური ინფექცია?
ნინო უმეკაშვილი: დიახ, საკმაოდ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც კოვიდს დაერთო ინფექციები, განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს. მახსენდება ერთი ძალიან მძიმე პაციენტი, რომელსაც ამის ფონზე თირკმლის მწვავე უკმარისობა განუვითარდა და პერიტონიალური დიალიზი დასჭირდა. ახლა ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ხშირია ეს შემთხვევები, ყველა ტალღის დროს იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ კოვიდი და ნაწლავური ინფექცია ერთად. ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთი გართულებაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ასეთი შემთხვევაც იყო, თუმცა როგორც წესი, ამ დროს გვჭირდება და სრულიად საკმარისია მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია.
-ნინო, თქვენი დაკვირვებით კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ რა არის მთავარი, რას ურჩევდით მშობლებს, რა ტიპის რეკომენდაციები უნდა დაიცვან?
ნინო უმეკაშვილი: დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ხშირია დამატებითი ინფექციები, ამიტომ კოვიდის შემდეგ იზოლაცია მნიშვნელოვანია. ასევე საკმაოდ საყურადღებოა კოვიდის გადატანიდან 2-6 კვირის პერიოდში ბავშვს გამნსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, რადგან სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე თავს “მის” სინდრომი. ყველაზე მეტად უნდა დავაკვირდეთ ტემპერატურას, “მის” სინდრომს ახასიათებს ასევე გამონაყარი, მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტე. არის შემთხვევები, როცა აპენდიციტის დიაგნოზით შემოსულ პაციენტს აღმოაჩნდება ხოლმე “მის” სინდრომი. ამიტომ მნიშვნელოვანია,რომ მშობელი პირველი თვენახევარი იყოს ძალიან ყურადღებით, რომ არ გამოეპაროს რამე. “მის” სინდრომი ზოგადად ძალიან რთულად მიმდინარეობს, თუმცა საბედნიეროდ იშვიათად გვხვდება.
-ნინო, ხშირად კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტებში, მათ შორის ბავშვებშიც სიცხე 37-ის ფარგლებში რჩება ხოლმე გარკვეული პერიოდი. რა დროის განმავლობაში შეიძლება ეს ნორმად ჩაითვალოს?
ნინო უმეკაშვილი: ზოგადად, სუბფებრილური ტემპერატურა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ ტემპერატურა ნორმაში დგება. სუბფებრილური ტემპერატურა არ ნიშნავს, რომ ბავშვს “მის” სინდრომი აქვს, რადგან მას სხვა სიმპტომებიც ახასიათებს. “მის” სინდრომის დროს ცხელებაც სხვანაირია, მაღალი, შეუპოვარი და თუ 4-6 დღე ან მეტი გაგრძელდა, უკვე ჰოსპიტალიზაციაზე უნდა ვიფიქროთ.
-ნინო, დაახლოებით რამდენი ხანია დაცული ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ ხელმეორე ინფიცირებისაგან?
ნინო უმეკაშვილი: ზოგადად ითვლება, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი სამი თვე გვიცავს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ნოემბრიდან ვართ გადაკეთებული კოვიდ-კლინიკად და მე პირადად ამ პერიოდში რეინფიცირების შემთხვევა არ მახსენდება.
-ბოლო შეკითხვა მინდა დავსვა ძალიან აქტუალურ თემაზე, ეს არის ზაფხული და დასვენება. რამდენად სწორია ბავშვების წაყვანა ხალხმრავალ, გადაჭედილ პოპულარულ კურორტებზე და ღირს თუ არა ამის გაკეთება, რას ურჩევთ მშობლებს?
ნინო უმეკაშვილი: მე, როგორც ექიმი, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დასვენება კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიაა და ვირუსი არსად წასულა. სამწუხაროდ, ბავშვებში ლეტალური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში და დიდ კურორტებზე მაქსიმალურად მოვერიდოთ ბავშვების წაყვანას. ინფიცირების შემთხვევები ძალიან მომატებულია, მათ შორის პედიატრიული ასაკის პაციენტებში და წინა ტალღებისგან განსხვავებით, მათთან კოვიდი ამჯერად მიმდინარეობს ძალიან მწვავედ. ასე რომ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ნამდვილად არაა რეკომენდებული ბავშვების წაყვანა.