LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისეთებიც მოსულან ჩემთან სმენა და ხმა რომ არ ჰქონიათ, ორ თვეში ისე ამიმღერებია, ალბათ გაგიკვირდებათ” – ციური მჭედლიძე

10
ciurimchedlidzeardaidardo

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”  მომღერალი ციური მჭედლიძე და ინსტუმენტალისტი მიშა წითელაშვილი  სტუმრობდნენ სიმღერის პრემიერით ,,ჩიტო გვრიტო”. ქალბატონმა ციურიმ გაიხსენა შეოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, პირველი ანსამბლი. მან ასევე ისაუბრა თავის მოსწავლეებზე, რომლემაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.

როგორ ხართ?

კარგად ლაშა, მიხარია შენთან სტუმრობა. პანდემიის პერიოდმა ძალიან დაგვხია უკან და დაგვაპაუზა. შეშინებული ვართქო, რომ გითხრა მოგატყუებ, საკუთარ თავზე არ ვნერვიულობ, თუმცა არ მსიამოვნებს ამდენ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა რომ აქვს.   ჩემთვის დღევანდელი დღე არის სტიმული იმისა, რომ რაღაც კარგი ხდება.

რა ასაკიდან მღერით?

ბავშვობიდან არ ვმღერი, მაშინ დაკომპლექსებული ვიყავი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ხმა მქონდა. მუსიკის მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, გაიყვანე ამ ბავშვს არც ხმა აქვს და არც სმენაო. დედამ კი არ გამიყვანა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ ამ პროფესიით. პირველად ანსამბლში სიმღერა რომ დავიწყე, ეს იყო ჩვენს ნანა კიკნაძესთან. შემდეგ იყო ”ივერია”. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მყავს გაზრდილი, მქონდა საკუთარი ბევრი ანსამბლი.

გაგვაცანით  ადამიანი, რომელთან ერთადაც გვსტუმრობთ..

ეს ადამიანი ვირტუოზი და უნიჭიერესი მიშა წითელაშვილია. ვგიჟდებოდი მის დაკრულზე. მართალია დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა ერთად არასდროს გვიმუშავია. სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ მიშასთან ერთად გავაკეთე, ფანდურის თანხლებით.

ჩვენთან მოსული ყველა სტუმარი ცოცხალი შესრულებით გვატკბობს, თქვენ რას შეგვისრულებთ?

არ იფიქროთ, რომ ნარეპეტიციები გვაქვს. შეგისრულებთ ხალხურ სიმღერას ექსპრომტად, რომელიც  ლელა რაზიკაშვილის დამსახურებით შეიქმნა. მის ამ ისტორიას გავიხსენებ. მოდიოდა მთვრალი კაცი, იქ სადაც დიდი ვაჟა დაიბადა, ჩარგალში იმ არემარეზე  და ამ სიმღერას მღეროდა. ისე მოეწონა ლელას, რომ დაიმახსოვრა და რამდენიმე სტროფი თავად დაამატა. ეს სიმღერა პირველად დიტო ქისიშვილმა იმღერა, რომელიც ჩემი მოსწავლე გახლდათ.

ციური მჭედლიძის ნიშა თან სდევს ყველას. ეს თქვენი მიცემული ნიშაა თუ ამ გზას თავად ირჩევენ?

ისეთებიც მოსულან ჩემთან სმენა და ხმა რომ არ ჰქონიათ, ორ თვეში ისე ამიმღერებია ალბათ გაგიკვირდებათ. ისინი დღემდე პროფესიულ დონეზე მღერიან. ყველაფრის ნულიდან დაწყება მიყვარს. ბევრჯერ უთქვამთ ასეთ მოსწავლეებს ჩვენ არ მივიღებდითო, თუმცა მე არ მეზარება მუშაობა. სიამოვნებაა, როდესაც შედეგს ვიღებ. მე ვასწავლი ჩარჩოს, თუ როგორ უნდა იმღერონ. სავსე ვარ ხოლმე მათი შედეგებით. გული მწყდება ზოგმა თავი დაანება, არადა ძალიან კარგად მღეროდნენ. ნინო აბელიშვილი მინდა გამოვყო გენიალური მომღერალი, გოგო რომელიც ქართლ-კახურს მღეროდა. მასში ჩავდე მთელი გული და სული.

მიშა რამდენად კომფორტულია ქალბატონ ციურისთან მუშაობა?

მოგესალმებით ყველას. როდესაც ინსტრუმენტი მიჭირავს ხელში მაგ დროს ყველაფერი კომფორტულია ჩემთვის. ბავშვობიდან, 6 წლის ასაკიდან ვუკრავ ინსტრუმენტზე. თავიდან ვიყავი სალამურის სოლისტი. დიდი კომფორტი და ფუფუნებაა ასეთი მომღერლის გვერდით ყოფნა, რომელსაც სულით-ხორცამდე ესმის რასაც აკეთებ. მის გვერდით მარტივად ვიკვლევ გზას. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს.

ახლა კი დავაპრემიეროთ სიმღერა  ”ჩიტო გვრიტო”..

ჩემმა შვილმა ჩანაწერი გამომიგზავნა უფროსი შვილიშვილის შესრულებით. ამ  სიმღერის ჩაწერა ანდრიას დამსახურებაა, მოვისმინე თუ არა მისი შესრულებული ”ჩიტო გვრიტო” მაშინვე ვიფიქირე გავაკეთებთქო. თან ისეთი მინდოდა ყოფილიყო, რომ მიშიკოს დაეკრა. ეს სურვილი კი ჩემმა შვილიშვილმა ამისრულა. არასდროს მიმღერია გია ყანჩელის სიმღერა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაიწერა გენიალურ ზაზა გოჩიტაშვილთან, ეს ადამიანი 24 საათი იმყოფება სტუდიაში და უძლებს ყველას. მიშიკოს დაკრულმა მომცა სტიმული და მასზე აიგო მთელი სქემა.

 

ციური მჭედლიძე – ჩიტო გვრიტო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ციური მჭედლიძე & მიშა წითელაშვილი – ახ ტურფავ. Live

 

ციური მჭედლიძე & მიშა წითელაშვილი – ან ამ ცხოვრებას რა ერქვა. Live

 

ციური მჭედლიძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g