“შეერთებული შტატები წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ეუთო/ოდირისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობას სექტემბერში, რუსეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სრულფასოვანი მონიტორინგი აწარმოოს.” – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც დეპარტრამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება პატივს სცემს და სრულად უჭერს მხარს ODIHR-ის პროფესიულ გადაწყვეტილებას და იზიარებს მათს განცხადებას, რომ “რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შეზღუდვების შემოღების შესახებ, არჩევნებზე სანდო და დამოუკიდებელი დაკვირვება შეუძლებელი გახადა”.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთმა, 17-19 სექტებერს დაგეგმილ არჩევნებზე მიწვეული ეუთო/ოდირისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების რაოდენობა 50 და 10 დამკვირვებლით შეზღუდა.
როგორც რუსეთის ხელისუფლებამ განმარტა, მონიტორინგის მისიების წევრების რაოდენობაზე შეზღუდვები, ქვეყანაში არსებულ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.
ამის შემდეგ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ შეზღუდვების გამო, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის:
“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავატარებთ რუსეთში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგს. არჩევნებზე ეფექტიანი და სანდო მონიტორინგისთვის დამკვირვებლების რაოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა არის არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების მთავარი ელემენტი. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება ითხოვდა ჩვენს მიერ დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვას პანდემიასთან დაკავშირებული რამე მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფონზე, რის შედეგადაც ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალია.” – თქვა ოდირის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, სრულად უჭერენ მხარს ეუთოს პრინციპულ პოზიციას, რომ მათ არ შეუძლიათ, აწარმოონ ეფექტიანი მონიტორინგი ასეთ შემზღუდველ გარემოში:
“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლები ვერ იქნებიან, საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ადევნებს რუსეთის დუმის არჩევნების პროცესს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს იმის დასადგენად, არის თუ არა ქვეყანაში სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.” – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.