მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციებად და ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, გაჩნდა სხვადასხვა კითხვა, მათ შორის, ხომ არ არის დაპირისპირება მმართველ გუნდს შორის.
არსებობს თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის – ამ კითხვით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრსაც.
ნათია თურნავამ კი აღნიშნა, რომ თავად ასე არ აღიქვამს და ეს ინტერპრეტაციაა. მისი თქმით, ეს ყურით მოთრეული და მოგონილი თემაა:
“ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, მე ასე არ აღვიქვამ… ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს, ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც პანდემიის მართვას ეხება და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ეს არის ყურით მოთრეული თემა, მოგონილი თემაა.” – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თხოვნით მიმართა როგორც საზოგადოების, ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად.
