LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა „ლეოგრანდში“ ხანძრის ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას მოითხოვს

103

საქართველოს პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნენ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი – საქართველოს მოქალაქე გ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი. – მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ.- მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა – სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ.- მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა. ძლიერი დაკვამლიანების შენობაში გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ. ამასთან შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყი სიგნალიზაციით, რაც ფ.ი. – ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, ხოლო 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ფ.ი. – ს და გ.მ. – ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფ.ი.- ს და გ.მ. – სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

magti 5g