სოფელ ბაკურციხეში მამა-შვილი ჭაში ჩავიდა, ამოსვლა ვეღარ შეძლეს და გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, 62 წლის კაცი გზის პირას არსებულ ჭაში ჩავიდა, რათა სოფლის სხვა უბანზე წყალი გადაემისამართებინა, თუმცა მან სიღრმიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, თუმცა მამის მსგავსად სიღრმიდან ამოსვლა მანაც ვეღარ მოახერხა.
62 წლის კაცი და მისი 40 წლის შვილი უჟანგბადოების გამო გარდაიცვალნენ. როგორც „ფორტუნას“ კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ განუცხადეს, მათ კლინიკაში ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნერვული სტრესით შეიყვანეს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მამა-შვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია, „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.