თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინების შესაჩერებლად, შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება. კალაძის განცხადებით, არსებული განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული.
კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.
„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ ჩვენი გეგმები შეცვალა. ასევე შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები,“ – თქვა კახა კალაძემ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება.
„ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ხელფასების გადახედვა არ მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან ხელფასები კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოოთ.
მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჩვენ იანვრიდან უკვე შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.