გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან აგროდაზღვევის პროექტში თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე -50% იქნება.
მათივე ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს ისეთ სადაზღვევბო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
„აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად, 30 ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.
წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და იხვეწება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში ფერმერთა ჩართულობის მხრივ. წინა წლებისგან განსხვავებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, აგროდაზღვევით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. აღნიშნული ცვლილება, შეეხება არამარტო აგროდაზღვევის პროგრამას არამედ ყველა იმ სასოფლო-სამეურნეო პროექტს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება.
მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადითაა განსაზღვრული. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 9 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა. 2014- 2017 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 68,879 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 59,857 ჰექტარს; ჯამში დაიზღვა 465,587,547 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 29,384,426 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 4 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 29,087,332.69 მლნ. ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.